არჩილ თალაკვაძე - მელია აცნობიერებს, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი პარტიის განვითარებას ხელს უშლიან, შესაბამისად, ცდილობს, ხელში აიღოს ლიდერობა
არჩილ თალაკვაძე - მელია აცნობიერებს, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი პარტიის განვითარებას ხელს უშლიან, შესაბამისად, ცდილობს, ხელში აიღოს ლიდერობა

პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელია მელია და მისი მიმდევრები აცნობიერებენ, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი პარტიის განვითარებას ხელს უშლიან, რაც არაერთხელ გამოჩნდა.

თალაკვაძის თქმით, ნიკა მელიას აქვს მცდელობები, ხელში აიღოს პარტიის ლიდერობა და თავად გახდეს რეალური გადაწყვეტილებების მიმღები.

„ეს ჯერ არ გამოსდის ან ძალიან სუსტად აკეთებს, პარტიის შიგნით არის კონფლიქტები და უფრო მეტი დაიშალა, ვიდრე აეწყო. მელიას ჰყავს თავისი საბჭო, ნაყოფიას თავისი ბორდი, განცხადებებშიც ერთმანეთს სცილდებიან. ხატია დეკანოიძე კიდევ ცალკე ხაზს ატარებს და მასთან მიმართებაში ბევრჯერ წინააღმდეგობრივი განცხადებები ყოფილა. ჩანს, რომ ამ პარტიაში დიდი არეულობაა, რაც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ბევრად მნიშვნელოვანია, ქვეყანამ თავისი საშინაო პოლიტიკა ეფექტიანად წარმართოს და ხელისუფლებამ ეკონომიკური განვითარება მაქსიმალურად უზრუნველყოს. დანარჩენს 2024 წლის არჩევნები აჩვენებს. საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, ოპოზიციიდან უპასუხისმგებლო პარტიები გაისტუმროს და ისეთ ოპოზიციურ პარტიებს მისცენ ხმა, რომლებიც მოქალაქეების არჩევანს პატივს სცემენ და საზოგადოებას თავს ბოიკოტით არ ამახსოვრებენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში გუშინ განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.