არჩილ თალაკვაძე - მეგობრულ რჩევას მივცემდი ყველა ჩვენ დეპუტატს ოპოზიციიდან, მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში
პროცესები აჩვენებს, რომ ერთგვარი გაურკვევლობაა საპარლამენტო ოპოზიციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც საკომიტეტო მოსმენებზე არ დასწრების საკითხს შეეხება.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ის მეგობრულ რჩევას აძლევს ოპოზიციას, ჩაერთონ პროცესში.
„სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გაურკვევლობაა ერთგვარი საპარლამენტო ოპოზიციაში. მათ, ერთი მხრივ სურთ საპარლამენტო პროცესში იყვნენ ჩართულნი და შეასრულონ ოპოზიციის სრულფასოვანი როლი, მეორე მხრივ, ისინი იმ პროცესში, რომელიც ოპოზიციას ევალება, არ მონაწილეობენ. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, მეგობრულ რჩევას მივცემდი ყველა ჩვენ დეპუტატს ოპოზიციიდან, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ, თუმცა ეს არის მათი მისაღები გადაწყვეტილება. ევროპული ოპოზიცია არის ის ოპოზიცია, რომელიც მონაწილეობს განხილვაში და უწევს ოპონირებას სახელისუფლებო პარტიას. ეს არის ევროპული ოპოზიცია. თუ ვინმე თავის თავს არქმევს ევროპულ ოპოზიციას, ალბათ ის ჩართულიც უნდა იყოს ამ პროცესში, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, არჩილ თალაკვაძის თქმით, ნებისმიერი აქცია, რომელიც ჩაჯდება კანონის ფარგლებში, არის დემოკრატიის ნაწილი.
„ნებისმიერი აქცია, რომელიც საქართველოს კანონის ფარგლებში ჯდება, არის დემოკრატიის ნაწილი. ჩვენი ხელისუფლების დროს, ასეთი აქციები ყოველთვის იყო გარანტირებული და დაცული. აქცია ჩატარდება კომიტეტის, თუ სხდომის მიმდინარეობის დროს, თუ ეს კანონმდებლობის ფარგლებში ტარდება. მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება შეიკრიბონ და თავისი პოზიცია გამოხატონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.