არჩილ თალაკვაძე - მაქსიმალურად შევეცდებით, საზოგადოებას შევთავაზოთ ისეთი სამომავლო გეგმები, სადაც კონკრეტულად დაინახავენ, რა იცვლება მათთვის უკეთესობისკენ
ვემზადებით, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ ყველა მუნიციპალიტეტში განახლებული პროგრამები, განახლებული პოლიტიკური გუნდი ყველგან, სადაც საქმე არის გასაკეთებელი, სადაც მოქალაქეები ელიან კიდევ უფრო მეტ პროგრესს და ეფექტურ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებლად სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და კვლავ განვაგრძობთ. კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება ცნობილი უშუალოდ კამპანიის დაწყების წინ, რადგან თვითმმართველობის ყოველ არჩევნებზე ასეთია პრაქტიკა, ჩვენი ტრადიციაც ეს გახლავთ, რომ კამპანიის წინ წარვადგინოთ კანდიდატები. ალბათ, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ძნელი გამოსაცნობი არ იქნება, თუ ვინ იქნებიან ჩვენი ლიდერები და კანდიდატები მერობისთვის, რომელთაც აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ასევე წარმატებული საქმე უმაგრებთ ზურგს. გარწმუნებთ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით შევთავაზოთ ჩვენს საზოგადოებას ისეთი სამომავლო გეგმები, სადაც კონკრეტულად დაინახავენ, თუ რა იცვლება მათთვის უკეთესობისკენ, უშუალოდ მათ საცხოვრებელ გარემოში, როგორი იქნება მათი ქალაქი თუ სოფელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.