არჩილ თალაკვაძე - მამუკა ხაზარაძის ყველა განცხადება არის იმ ადამიანის განცხადება, ვისაც პოლიტიკაში ყოფნა სურს
მამუკა ხაზარაძის ყველა განცხადება არის იმ ადამიანის განცხადება, ვისაც სურს, პოლიტიკაში იყოს და სავარაუდოდ, არჩევნებისთვის ემზადება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ მიერ „პროგრესბანკის“ საქმის გამოძიების მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ მამუკა ხაზარაძე ე.წ. ფულის გათეთრებას ხედავდა, ამის შესახებ დაუყონებლივ უნდა ეთქვა და არა, ორი-სამი წლის შემდეგ.
„ფაქტია, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაშია. მისი ყველა განცხადება არის იმ ადამიანის განცხადება, ვისაც სურს, რომ პოლიტიკაში იყოს და სავარაუდოდ, არჩევნებისთვის ემზადება. თუ რაიმე მტკიცებულებები აქვს, რაც შესაძლოა, სამართალდარღვევად მიაჩნია, ამ საკითხებით შესაბამის ინსტიტუტებსა და გამოძიებას უნდა მიმართოს. თუ პოლიტიკაზეა ლაპარაკი, ამ საკითხების გარკვევა შესაძლებელია პოლიტიკურ ფორმატებში. თუ მამუკა ხაზარაძე „პროგრესბანკის“ საკითხზე საუბრობს, დროში „პროგრესს ბანკის” საკითხი გაცილებით ადრე, წლების წინ იყო და თუ რაიმე დარღვევას, ე.წ. ფულის გათეთრებას ხედავდა, რაზეც საუბრობს, რაც მძიმე ბრალდებაა, ამის შესახებ დაუყონებლივ უნდა ეთქვა და არა, ორი-სამი წლის შემდეგ, როცა პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტა. როცა პოლიტიკაში ხარ და ასეთი სახის საქმეებზე წლების დაგვიანებით საუბრობ, საზოგადოება ამას პოლიტიკურ შეფასებას აძლევს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მოძრაობა „ლელო“ „პროგრესბანკის“ საქმის გამოძიებას და ეროვნული ბანკის არქივებიდან სამი წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას ითხოვს.