არჩილ თალაკვაძე - ლოიდ ოსტინის განცხადება ნიშნავს, რომ საქართველო არის აშშ-ის საიმედო მოკავშირე, ეს პასუხი უნდა ჩაიწერონ ოპოზიციისა და ცრუ მედიის წარმომადგენლებმა
არჩილ თალაკვაძე - ლოიდ ოსტინის განცხადება ნიშნავს, რომ საქართველო არის აშშ-ის საიმედო მოკავშირე, ეს პასუხი უნდა ჩაიწერონ ოპოზიციისა და ცრუ მედიის წარმომადგენლებმა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადება ნიშნავს, რომ საქართველო არის საიმედო მოკავშირე.

მისივე თქმით, ოსტინის განცხადებას „განსაკუთრებული პოლიტიკური წონა აქვს, როცა საქართველოს მიმართ რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პარტნიორების მხრიდან დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის“.

„სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გავუსვათ, რეალურად, რა განცხადება იყო გაკეთებული. ეს განცხადება სიტყვა-სიტყვით ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს: საქართველო არის საიმედო მოკავშირე და თანამშრომლობაში აქვს პროგრესი. ალბათ ეს პასუხი უნდა ჩაიწერონ ოპოზიციისა და ცრუ მედიის წარმომადგენლებმა. რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს აქვს ერთი საერთო სახურავი, ეს არის საქართველოს დაზიანება ყველაფრის ფასად, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს, რა სტატუსს ატარებს, ყველასთვის ცნობილია და ამ ადამიანებს საზოგადოების მხრიდან ამიტომ აქვს ნულოვანი მხარდაჭერა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა თავისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მისივე თქმით, ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.