საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს ხვდება.
შეხვედრა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კანდელაკი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სოფო ქაცარავა და ბექა ოდიშარია.
მანამდე კი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის პირველმა დიპლომატმა საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.
ვიზიტის ფარგლებში, ლინას ლინკევიჩუსი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
ასევე, ლიეტუვის პირველი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს „ბალტიის გზის“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 30 წლის წინ, 1989 წლის 23 აგვისტოს ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიმართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში „ბალტიის გზის“ სახელწოდებით შევიდა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსის სკვერის გახსნის ცერემონიაში.
ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს 11 სექტემბერს დატოვებს.