არჩილ თალაკვაძე - კვოტებითა და რაოდენობებით არ ვაპირებთ ვაჭრობას ისეთ საკითხზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის
არჩილ თალაკვაძე - კვოტებითა და რაოდენობებით არ ვაპირებთ ვაჭრობას ისეთ საკითხზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის

პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან ღირსეული პოზიცია აჩვენა შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციას შესთავაზა, რომ მონაწილეობა მიიღონ დელეგაციაში და ამ ვიზიტში, იმედი მაქვს, ვიდრე გავემგზავრებით, ოპოზიცია თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს ისე, რომ ეს ქვეყნისთვის და პირველ რიგში მათთვის არ გახდეს დამაზიანებელი, თორემ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გავემგზავრებით, სამძიმარს ვეტყვით უკრაინელ მეგობრებს და მხარდაჭერას იქ დავაფიქსირებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა,

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მაღალი ალბათობით, საპარლამენტო უმრავლესობის სამი წარმომადგენელი იქნება. რაც შეეხება ოპოზიციას, თალაკვაძის განცხადებით, ეს მათზეა დამოკიდებული და დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„კვოტებით, რაოდენობებით, ნომრებით, პლაკატების ფერებით ჩვენ არ ვაპირებთ ვაჭრობას ისეთ საკითხზე, როგორიც არის სამძიმრის გამოცხადება უკრაინისთვის და ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი ვიზიტი. პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან ღირსეული პოზიცია გამოხატა გუშინ შეხვედრაზე და დღესაც ეს პოზიცია ასევე ღირსეული ძალით რჩება ძალაში. მან შესთავაზა ოპოზიციას, რომ მონაწილეობა მიიღონ დელეგაციაში. ახლა იქ ოპოზიცია ვერ შეთანხმდა, რამდენი ადამიანი წარმოადგინონ. ყველას უნდა წამოსვლა, თუ არ უნდა ზოგიერთს წამოსვლა, ეს საკითხები ძალიან მეორეხარისხოვანია. ჩვენი სურვილი გახლავთ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ წარმოადგინოს საქართველოს პოზიცია უკრაინაში და ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება. ეს საკითხები ჩვენთვის ვაჭრობის საგანი არ არის“,- განაცხადა თალაკვაძემ.