არჩილ თალაკვაძე - კვირიკაშვილის კაბინეტს პარლამენტში მაღალი ნდობით მხარს დავუჭერთ
ჩვენი გუნდი პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის კაბინეტს პარლამენტში მაღალი ნდობით მხარს დაუჭერს და ხუთშაბათს დაამტკიცებს, – ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
“რაც შეეხება განხილვებს, რა თქმა უნდა კომიტეტები ბლოკებად დაიყოფა, სადაც ძირითადად ეკონომიკური და მართლმსაჯულების თემატიკის კონცენტრირება მოხდება. ჩვენ პროგრამას უკვე გავეცანით. პროგრამა პარლამენტს გადმოეგზავნა და მისი დამუშავება უკვე ხუთშაბათისთვის დეტალურად მოხდება, როდესაც პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი და განახლებული მინისტრთა კაბინეტი პლენარულ სესიაზე წარსდგება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, პრემიერ კვირიკაშვილს და სამთავრობო გუნდს ხელშესახები პროგრესი აქვს.
“პრემიერ კვირიკაშვილს და სამთავრობო გუნდს რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ხელშესახები პროგრესი აქვს. ეს საგარეო ურთიერთობები, ეკონომიკური ზრდა და ის რეფორმებია, რომელიც ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ჩატარდა. ბუნებრივია, სესიაზე ჩვენ იმ მიღწევებს შევაჯამებთ, რომელიც მმართველ გუნდს აქვს. ასევე იმ გეგმების დეტალურად განხილვა მოხდება, რომელიც მთავრობას უკვე მომავალი წლიდან აქვს. როგორც იცით, ბიუჯეტში ეს პრიორიტეტები ასახულია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია სივრცითი მოწყობის მიმართულება და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სამ მნიშვნელოვან სიკეთეს მოიტანს. პირველი, ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას დააჩქარებს და ქვეყანას მეტ შემოსავალს მოუტანს. მეორე – ეს უკვე ახალი სამუშაო ადგილებია, რომელსაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები შექმნის და მესამე ტურიზმია, ვინაიდან განახლებული ინფრასტრუქტურა ტურისტული ნაკადებისა და შესაბამისად, შემოსავლების ზრდას პირდაპირ უკავშირდება”,- განაცხადა თალაკვაძემ.