არჩილ თალაკვაძე - კულტურის მინისტრის კანდიდატურაზე გუნდში წინასწარი გადაწყვეტილება შემუშავებულია, თუმცა დასახელების უფლება პრემიერ-მინისტრს აქვს
არჩილ თალაკვაძე - კულტურის მინისტრის კანდიდატურაზე გუნდში წინასწარი გადაწყვეტილება შემუშავებულია, თუმცა დასახელების უფლება პრემიერ-მინისტრს აქვს

ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს პირობა მივეცით, რომ კულტურის სფეროს ექნებოდა ცალკე მმართველობითი რგოლი და ამ სფეროში ცალკე ხელმძღვანელობას გამოვყოფდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კულტურის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა და გუნდში წინასწარი გადაწყვეტილებაც შემუშავებულია, თუმცა როგორც თალაკვაძე ამბობს, დასახელების უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს.

„ვინაიდან გამოიკვეთა, რომ სამინისტრო, რომელშიც შედიოდა კულტურის სფერო, დიდი სამინისტრო გახლდათ, კულტურის სფეროს მუშაკები ჩვენ ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ამ სფეროში მეტი ყურადღება და ლიდერული ინიციატივაა საჭირო. სწორედ ეს პირობა მივეცით, ამ პირობას ვასრულებთ და ვაკეთებთ ზუსტად იმას, რომ კულტურის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოფა. მას ცალკე ადგილი ექნება საქართველოს მთავრობაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციები კანდიდატურასთან დაკავშირებით გვქონდა. ამაზე წინასწარი გადაწყვეტილება გუნდში შემუშავებულია. თუ ვინ იქნება ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი, ამის დასახელების პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს აქვს. შესაბამისად, თავს უფლებას არ მივცემ, რომ მას დავასწრო და გავახმოვანო, თუ ვინ იქნება მინისტრი. მინისტრი იქნება ღირსეული, ძლიერი და გამოცდილი ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს დღეს კულტურის სფეროში არსებული ამოცანების შესრულებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.