არჩილ თალაკვაძე - როცა კორონავირუსის ინფექციის ტალღა ჩაივლის, ნათლად დავინახავთ, რა შედეგები გამოიღო ჩვენმა ეფექტურმა ღონისძიებებმა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ქვეყანაში ძალიან აქტიური ღონისძიებები ხორციელდება.
როგორც თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ეპიდემიური კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების მიმართულებით და საქართველო ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესოა.
„ჩვენმა ქვეყანამ, მთავრობამ, ხელისუფლებამ მიიღო ყველაზე სწრაფი და ეფექტური ზომები, რომ მომხდარიყო ამ ინფექციის გავრცელების შეკავება.დარწმუნებული ვარ, როდესაც ინფექციის გავრცელების ტალღა ჩაივლის, ჩვენ ნათლად დავინახავთ, თუ რა შედეგები გამოიღო ჩვენს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, ასევე ინფექციური საავადმყოფოს ცენტრის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს, ექთნებს, ექიმებს, ეპიდემიოლოგებს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც საზღვრებზე მუშაობენ და ჩართულნი არიან ეპიდემიური კონტროლის ღონისძიებებში, სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც მომატებულ მიმართვიანობას ეფექტურად პასუხობენ.
„რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტიც ჩაერთო ეპიდემიის წინააღმდეგ საერთო ღონისძიებებში. პარლამენტსაც უკვე შესასვლელებში და შეკრების ადგილებში აქვს დამონტაჟებული სპეციალური დისპენსერები, სადაც სადეზინფექციო საშუალებებით შეიძლება მოქალაქეებმა ისარგებლონ. ასევე პერიოდულად გაგრძელდება სპეციალური ხსნარებით დამუშავება ზედაპირების, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ყველაზე ხშირი კონტაქტი და შეხება. ეს აჩვენებს ჩვენი ქვეყნის მზადყოფნას, სამსახურებს შორის კოორდინაციის შესაძლებლობას და, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი არის და იქნება ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება იმაში, რომ მათაც გაიზიარონ და ხელი შეუწყონ იმ ღონისძიებებს, რომელიც პრევენციას ემსახურება“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.