არჩილ თალაკვაძე - საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერას
კონგრესში შემუშავებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ, საქართველოს მხარდამჭერ აქტზე საუბრისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, მხარდამჭერი აქტი საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობის შედეგია.
„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ჩვენი კოლეგების მიერ შემუშავებული საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი საქართველოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს. მადლობას ვუხდი ჩვენ ამერიკელ მეგობრებს. თქვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კონგრესში შემუშავებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების მიმართ სანქციების დაწესებას. ხაზს უსვამს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას, საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საჭიროებას და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რომელიც ჩვენთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა. მნიშვნელოვანია, რონ კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს კონგრესში და 23 წევრთან ერთად საქართველოს მხარდამჭერი აქტი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეების ჯერი კონოლის და ადამ კინზინგერის მიერ არის ინიცირებული.
ეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მუშაობის შედეგია. სწორედ ამ აქტის მიღებას ლობირებდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იანვარში ვიზიტის დროსაც. ჩვენს პარტნიორებს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება დოკუმენტში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა დააწესოს სანქციები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ და პასუხისმგებელ პირებს, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეძლებს ყველა იმ საერთაშორისო ბერკეტის და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას, რომლითაც ამ კონფლიქტში პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს აქვს როგორც ამერიკის მთავრობის ასევე ამერიკელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერა. ეს არაერთხელ დაადასტურა ამერიკამ თანამშრომლობის 25 წელზე მეტ პერიოდში. მჯერა ასევე, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეძლებს ყველა იმ საერთაშორისო ბერკეტის და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას, რომლითაც ამ კონფლიქტში პროგრესის მიღწევა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის უკეთესი სტანდარტის მიღება არის შესაძლებელი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ი განაგრძობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულების განვითარების მხარდაჭერას.