არჩილ თალაკვაძე - კოლეგებთან გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი კონსულტაცია, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაზე ისინი თავად ისაუბრებენ
კოლეგებთან გვქონდა კონსულტაცია საკმაოდ ხანგრძლივი, მათ აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლება, მომავალში, როგორც მინიმუმ, ვითანამშრომლებთ ყველა პროგრესული გადაწყვეტილების გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ხვალინდელი უმრავლესობის სხდომაზე დაესწრებიან ის წევრები, რომლებიც რჩებიან უმრავლესობის შიგნით.
„რაც შეეხება მათ, ვინც დატოვეს უმრავლესობა, მათთან გვქონდა კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში და მომავალში, ყველა მნიშვნელოვან რეფორმასა და პოზიტიურ ინიციატივებში ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერის იმედი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ისინი თავად მიიღებენ და თავად გაახმოვანებენ. ეს გადაწყვეტილება არ არის ჯერ ცნობილი. კოლეგებთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა კონსულტაცია საკმაოდ ხანგრძლივი. კიდევ ერთხელ პატივისცემას ვადასტურებ მათი გადაწყვეტილების მიმართ, მათ აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლება, მომავალში, როგორც მინიმუმ ვითანამშრომლებთ ყველა პროგრესული გადაწყვეტილების გარშემო. დანარჩენს დაველოდოთ მოვლენებს. ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაფორმდება გადაწყვეტილება პოლიტიკური თანამდებობების და საკომიტეტო თანამდებობების დატოვების შესახებ, ამაზე დაიწყება კონსულტაციები.
„არ გამოვრიცხავ, რომ ხვალიდანაც დაიწყება კონსულტაციები და შერჩეული იქნებიან ახალი კანდიდატები. აქ ჩვენ მაქსიმალურად გონივრული გადაწყვეტილებები გვექნება, რათა არ დაზარალდეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.