არჩილ თალაკვაძე - კობა ნაყოფიამ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა გამოიწვევს დესტაბილიზაციას, შემდეგ სურთ, მიიღონ რიგგარეშე არჩევნები და გვერდითა კარით ისევ შემოვიდნენ პოლიტიკაში
არჩილ თალაკვაძე - კობა ნაყოფიამ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა გამოიწვევს დესტაბილიზაციას, შემდეგ სურთ, მიიღონ რიგგარეშე არჩევნები და გვერდითა კარით ისევ შემოვიდნენ პოლიტიკაში

კობა ნაყოფიამ დაადასტურა ის, რაც მამუკა მდინარაძემ თქვა „ნაციონალურ მოძრაობაზე“. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ყველაფერს აკეთებენ, რათა დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას, სადაც ნაყოფია ამბობს: „ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს თუ ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება“.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და შემდეგ საქართველოში დესტაბილიზაციის მუხტი გაჩნდეს.

„როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ აქტიურად მუშაობენ ყველასთან, სადაც შეუძლიათ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება როგორმე შეაფერხონ და გადადონ დროში. ამას ერთადერთი ლოგიკა, ახსნა აქვს – ის, რაც თქვა კობა ნაყოფიამ – სურთ, ქვეყანაში გარკვეული დესტაბილოზაციის მუხტი მიიღონ და ეს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც აკეთებს, იმას სხვა ახსნა არ აქვს. კობა ნაყოფიამ ეს პირდაპირ და გასაგებად უთხრა საზოგადოებას. თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა გამოიწვევს დესტაბილიზაციას, შემდეგ მათ სურთ, მიიღონ რიგგარეშე არჩევნები და რაღაც გვერდითა კარით ისევ შემოვიდნენ პოლიტიკაში. მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობა“, რეალურად, დღეს არის პოლიტიკურ ოფსაიტში, დაკარგული აქვს მთავარი ოპოზიციის როლი, გავლენა პარლამენტში, ასევე პარტიის შიგნით აქვს კონფლიქტები, ჯგუფებს შორის ძალაუფლების გადანაწილება მიმდინარეობს, პარტია სავალალო მდგომარეობაშია.

რეალურად, კობა ნაყოფიას  განცხადებაზე პასუხი არის ერთადერთი – მათ წააგეს 8-9 რიგითი არჩევნები, საკუთარ პარტიაში წააგეს რიგგარეშე არჩევნები, და როდესაც ადამიანი 2024 წლის იანვარ-თებერვალში რიგგარეშე არჩევნებისკენ მოსამზადებლად მოუწოდებს ოპოზიციას, პირდაპირ ჩანს, რომ მათ პოლიტიკური კალენდარი აქვთ არეული და პოლიტიკური კურსი – დაკარგული. იანვარ-თებერვალში მათი პარტია რიგგარეშე აჩევნებისთვის კი არა, 2024 წლის რიგითი არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, თუ რაიმე ძალა და გეგმა კიდევ აქვს შერჩნენილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.