არჩილ თალაკვაძე - კიდევ ერთხელ გამოჩნდება, „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო პოლიტიკაში როგორი ძლიერი კავშირები აქვს
არჩილ თალაკვაძე - კიდევ ერთხელ გამოჩნდება, „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო პოლიტიკაში როგორი ძლიერი კავშირები აქვს

პოლიტიკური თვალსაზრისით, „პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, საქართველოში ის ადამიანები ჩამოეყვანა, რომლებმაც შეიძლება, ქვეყნის შესახებ მთელ მსოფლიოში ისაუბრონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც აღნიშნულ კონფერენციაზე ყურადღებას საარჩევნო თემატიკაზე გაამახვილებს.

თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, თბილისში, საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომელსაც პოლიტიკოსები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდება, „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო პოლიტიკაში როგორი ძლიერი კავშირები აქვს. აქ წამყვანი და ლიდერი პოლიტიკური პარტიები არიან. მათი ინტერესი ძალიან დიდია იმის მიმართ, თუ  რა რეფორმები გაატარა საქართველომ, როგორ შეცვალა კონსტიტუცია და საარჩევნო სისტემა“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე.

დეპუტატის განმარტებით, კონფერენციაზე საუბარი შრომით ბაზარსა და შრომის საკითხებს შეეხება.

„რა თქმა უნდა, მსჯელობა დასაქმებასთან დაკავშირებით იქნება და ყველა ქვეყანა თავის გამოცდილებას წარმოადგენს. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენმა გუნდმა შეძლო, საქართველოში ის ადამიანები ჩამოეყვანა, რომლებმაც საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოში შეიძლება ისაუბრონ. ეს დიდი პოლიტიკური მხარდაჭერაა. ეს არის ქვეყნის მხარდაჭერა, როცა ასეთი ადამიანები, საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის გამოჩენილი ლიდერები დღეს თბილისში არიან“, – დასძინა თალაკვაძემ.