არჩილ თალაკვაძე - კიდევ ერთ არჩევნებში საზოგადოებამ უარი უთხრა სააკაშვილს, მის რადიკალურ ბანაკს, მათ დარჩათ ერთადერთი, რომ აღიქვან რეალობა, საზოგადოებას არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება
არჩილ თალაკვაძე - კიდევ ერთ არჩევნებში საზოგადოებამ უარი უთხრა სააკაშვილს, მის რადიკალურ ბანაკს, მათ დარჩათ ერთადერთი, რომ აღიქვან რეალობა, საზოგადოებას არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებული პოლიტიკური აჟიოტაჟი, რადიკალური ოპოზიციის მესიჯები მიუთითებს, რომ მათ დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ.

თალაკვაძის თქმით, ისინი უნდა შეეგუონ დამარცხებას და აღიქვან რეალობა, რომ საზოგადოებას არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება.

„სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებული პოლიტიკური აჟიოტაჟი, რადიკალური ოპოზიციის მესიჯები, რომ წინასწარ პროგნოზირებენ მისი მდგომარეობის დამძიმებას და სავალალო შედეგებზეც საუბრობენ, რაც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ჩემშიც და მთელ საზოგადოებაშიც, ასევე მისი განცხადებები ამ შიმშილობის პერიოდში პირდაპირ მიუთითებს, რომ მათ აქვთ დესტრუქციული პოლიტიკური დღის წესრიგი. სწორედ ამის გამო, კიდევ ერთ არჩევნებში უკვე თითქმის ათი წლის შემდეგ საზოგადოებამ უარი უთხრა სააკაშვილს და მის რადიკალურ ბანაკს, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტური სისტემით. მათ დარჩათ ერთადერთი, რომ შეეგუონ დამარცხებას და აღიქვან რეალობა, რომელიც არის საქართველოში. რეალობა კი გვეუბნება, რომ ჩვენს საზოგადოებას არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მთავარი ყურადღება უკვე ეთმობა ეკონომიკურ აღდგენას, ახალ სამუშაო ადგილებს, იმ სოციალურ პრობლემებს, რომლებიც არის რეგიონებში.

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი მანდატი და მზად ვართ, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აქვე, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ ისინი საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ცდილობენ შედეგის მიღწევას.

„ოპოზიცია ყოველთვის ამბიბდა, რომ მას სურდა არეულობა, ჩვენც არაერთხელ გითხარით, რომ ეს ოპოზიცია საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ცდილობს შედეგის მიღწევას. ამ წლების განმავლობაში საზოგადოებამ ეს ბევრჯერ დაინახა და ბევრჯერ შეაფასა არჩევნები. გარწმუნებთ, ვერანაირ დესაბილიზაციას და არეულობას ისინი ვერ მოაწყობენ. ჩვენ ვამბობდით, რომ არჩევნების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან ჭიქაში ქარიშხლი და ზუსტად ამით არიან ახლა დაკავებული. ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ ჩვენთან ერთად მაქსიმალურად ჩაერთონ უკვე მმართველობის შემდგომ პროცესში და ერთად გადავჭრათ ის საკითხები, ის პროლემები, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში განვიხილეთ, როდესაც კამპანიას ვატარებდით . ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მომავალზეა ორიენტირებული და ჩვენ აუცილებლად საქართველოში შემდგომი პროგრესი უნდა ვუზრუნველყოთ“, – განცხადა არჩილ თალაკვაძემ.