არჩილ თალაკვაძე - ხორავას ქუჩის საქმეზე სახელმწიფომ ჩააბარა ტესტი, რომ ქვეყანაში სიმართლისთვის ბრძოლას, სახელმწიფოს მუშაობას და კანონებს აქვს აზრი
პარლამენტში თვალს ვადევნებთ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს და იმედს ვიტოვებთ, რომ კითხვებს, რომელიც შეიძლება რჩებოდეს ოჯახებს, პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნებიდან ძალიან ცოტა ხანში შსს-მ დაიწყო საგამოძიებო ფუნქციების და მიმართულების ძირეული რეფორმა, რომელზეც დადებითი დასკვნა გასცა ვენეციის კომისიამ.
„წინადადება დასკვნაში, სადაც წერია, რომ დაგვიანებით ჩატარდა ან ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ ჩატარდა კონკრეტული მოქმედებები, ეკუთვნის პარლამენტს და გვეკუთვნის ჩვენ. შესაბამისად, ეს გარემოება დაადგინა პარლამენტმა და საგამოძიებო კომისიამ, რომელიც შევქმენით ჩვენ, უმრავლესობამ და სადაც ოპოზიციას დავუთმეთ მმართველი ფუნქცია. ხარვეზებზე კონკრეტულად სახელმწიფოს პასუხი უმოკლეს დროში იყო, დაიწყო რეფორმა საგამოძიებო მიმართულების, ამაზე კანონპროექტი მზად არის, ინიცირებულია პროცესი, ვენეციის კომისიამ დასკვნა დადებითი მისცა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ნახა ხარვეზები და პასუხი ეს იყო. მეორე ნაწილში, სადაც უშუალოდ სამართლიანობის მიღწევას და მართლმსაჯულების განხორციელებას ეხება საქმე შედეგი გვაქვს, რომ ორივე ოჯახმა, ვინც სამწუხაროდ შვილები დაკარგეს, ორივე ოჯახს აქვს მეტი რწმენა, რომ სამართლიანობა არის დადგენილი. პარლამენტი თვალს ვადევნებთ ამ საქმეს და იმედს ვიტოვებ, რომ კითხვები, რომელიც შეიძლება რჩებოდეს ოჯახებს, იქნება პასუხი გაეცემა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საბოლოო შედეგი ამ საქმეზე არის ის, რომ სახელმწიფომ ტესტი ჩააბარა, რომ ქვეყანაში სიმართლისთვის ბრძოლას, სახელმწიფოს ფუნქციონირებას, კანონებს აქვს აზრი.
„ვისაც ჰქონდა დამსახურება ამ საქმეში, არ უნდა დავუკარგოთ. ჩვენ გვქონდა სახელმწიფო, სადაც მოკლეს სანდრო გირგვლიანი, შემდეგ მთელი სახელმწიფო გაერთიანდა, ეს საქმე გააყალბეს და ჩაფარცხეს. შემდეგ სტრასბურგმა განიხილა და სახელმწიფოს დაავალა კონკრეტული მოქმედება, სახელმწიფომ ამას გაუკეთა იგნორი. დღეს გვაქვს სახელმწიფო, სადაც კონკრეტულ საქმესთან, „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არის ტრაგიკული შემთხვევა მოზარდებს შორის და სადაც ნამდვილად არ გვაქვს საქმე იმასთან, რომ სახელმწიფომ ვინმე მოკლა, სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიქმნა საგამოძიებო კომისია და უმრავლესობა ამ კომისიაში დაეთმო ოპოზიციას, სახელმწიფომ კი უმოკლეს დროში მოახდინა რეაგირება არსებულ გამოვლენილ ხარვეზებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.