არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად
ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენი პარტნიორების რჩევას, მათ მოსაზრებას, რომ შევხვედროდით ოპოზიციას. ხელისუფლება მზად არის ამ შეხვედრისთვის, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მმართველი პარტიისა და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყების წინ, ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის, მოისმინოს, რა წინადადებები და არგუმენტები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
„ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას. გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი პოზიციები, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხდეს არგუმენტების გაცვლა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა ოპოზიციას, პროცესების პოლიტიკურ და კონსტრუქციულ ფარგლებში დაბრუნებისკენ, ამჟამად კი, ხელისუფლებამ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და შეხვედრისთვისა და ოპოზიციის მხრიდან არგუმენტების მოსმენისთვის სრული მზადყოფნა გამოხატა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოპოზიციას, დაბრუნებულიყვნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიციის ნაწილი აგრძელებდა დღემდე დესტრუქციულ მოქმედებებს. ჩვენ ვფიქრობთ იმაზეც, რომ მივცეთ ოპოზიციას ნებისმიერი დრო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ დესტრუქციითა და პიკეტირებით არის შესაძლებელი პოლიტიკის კეთება, რამე შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ამ შემთხვევაში გავითვალისწინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და მზად ვართ ამ შეხვედრისთვის. მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას, რა წინადადებები და რა არგუმენტები აქვთ. გვესმოდა სხვადასხვა მოდელზე საუბარი ამ დღეებში, ახლა, ამ ფორმატში შესაძლებელი იქნება კონკრეტული არგუმენტების განხილვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, ქვეყანა 2020 წლის არჩევნებისთვის მოამზადოს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს 2020 წლის არჩევნებისთვის ქვეყანა მოვამზადოთ. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას შევასრულებთ, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“, დიპლომატების მონაწილეობით მიმდინარეობს.