არჩილ თალაკვაძე - ხალხს აღარ უნდა იმ დროში დაბრუნება, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებდა
ხალხს აღარ უნდა იმ დროში დაბრუნება, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების კომპრომეტირებას და დაშანტაჟებას ფარული ჩანაწერებით ახდენდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ხალხში ასეთი განწყობაა და ჩემი, როგორც მოქალაქისა და პოლიტიკოსის, რეაქციაც ასეთია, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი და ამ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება ფარული ჩანაწერებით ვერ განისაზღვრება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურს, ქვეყანამ ყოველდღე ფარული ჩანაწერებით იცხოვროს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, სცენარი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რუსთავი 2-ის“ მიერ არის შექმნილი, რომლებსაც სურთ, ამაში საზოგადოება, მმართველი გუნდი და დანარჩენი მედიასაშუალებები შეიყვანონ. როგორც თალაკვაძე ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე, ეს საქმე კარგად გამოსდიოდა და დღესაც ცდილობენ, იგივე გააკეთონ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არგუმენტებით ამტკიცებს ხელისუფლება, რომ მირზა სუბელიანზე ზეწოლა არ მომხდარა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ტელევიზიამ ფონის მომზადება თავიდანვე იმით დაიწყეს, რომ სუბელიანი ხელშეუხებელია და მის მიმართ საქმის წარმოება ვერ დაიწყება. თალაკვაძის თქმით, ამას ხელისუფლებამ ისეთი პრინციპული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი გასცა, როგორსაც არ ელოდნენ.
„ჩვენ შევქმენით საგამოძიებო კომისია. მათ დაინახეს, რომ მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიება დაიწყო და ის და მისი ოჯახის სამი წევრი პასუხისგებაში მიეცა, მაგრამ დღეს გამოდიან და უტიფრად ლაპარაკობენ, რომ სახელმწიფოს ვიღაც აშინებს და აშანტაჟებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მთავარი კანონის უზენაესობის პრინციპია და ხელის დაფარება არავის მიმართ არ იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.