არჩილ თალაკვაძე - კეზერაშვილი ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა დეკლარაციებში არსად ჩანს კეზერაშვილის დაფინანსება, შესაბამისად, საკითხს მეტი სიცხადე სჭირდება
არჩილ თალაკვაძე - კეზერაშვილი ამბობს, რომ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა დეკლარაციებში არსად ჩანს კეზერაშვილის დაფინანსება, შესაბამისად, საკითხს მეტი სიცხადე სჭირდება

კეზერაშვილი ტელევიზიით პირდაპირ ამბობს, რომ ის აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს. ჩავიხედოთ ამ ოპოზიციური პარტიების დეკლარაციებში, არსად ჩანს კეზერაშვილის დაფინანსება. შესაბამისად, საკითხს მეტი სიცხადე სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაფინანსებასთან დაკავშირებით კეზერაშვილის განცხადება შემაშფოთებელია.

„კეთილი უნდა ინებონ ოპოზიციურმა პარტიების ლიდერებმა და პასუხი გასცენ იმას, რაზეც კეზერაშვილმა ისაუბრა. მან პირდაპირ ისაუბრა პოლიტიკურ კორუფციაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების დეკლარაციებში არ არის ასახული და ეს სცდება, არღვევს წესებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების საქმიანობისთვის დადგენილია საქართველოსა და ევროპული კანონმდებლობით. ეს ძალიან შემაშფოთებელი განცხადებაა. მან გუშინ ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ მილიარდერი გავხდი კანონიერადო. იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტიდან მოპარულია ფული, პოლიტიკურ პარტიებს და მედიას უკანონოდ აფინანსებს, მისი ფულისა და ფინანსების წარმომავლობა აბსოლუტურად ბუნდოვანია და სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, პირდაპირ ბიუჯეტის ძარცვას ჰქონდა ადგილი, მან გუშინ საზოგადოებას კიდევ ერთხელ თვალში ნაცარი შეაყარა და უთხრა, რომ კონკრეტული გამჭვირვალე ბიზნესით გამდიდრდა და დღეს კეთილშობილური მიზნები აქვს, დააფინანსოს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია. ვინ დაიჯერებს ამას. რა თქმა უნდა, ეს სიცრუეა. ხელისგულზე დევს, ვინ არის კეზერაშვილი. ახლა დროა, რაც მან გუშინ ილაპარაკა, ამაზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან განმარტებები მოვისმინოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“.