არჩილ თალაკვაძე - კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის კლინიკის გახსნა არის მაგალითი, როგორი მეგობრული და მტკიცე ურთიერთობებია საქართველოსა და ამერიკას შორის
არჩილ თალაკვაძე - კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის კლინიკის გახსნა არის მაგალითი, როგორი მეგობრული და მტკიცე ურთიერთობებია საქართველოსა და ამერიკას შორის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ კენ ვოლკერის სამედიცინო რეაბილიტაციის კლინიკის გახსნა არის მაგალითი, როგორი მეგობრული და მტკიცე ურთიერთობები არსებობს საქართველოსა და ამერიკას შორის.

არჩილ თალაკვაძემ ამის შესახებ თბილისში, კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჯანმრთელობა არის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უმთავრესი წინაპირობა. ამიტომ, ცენტრი, რომელიც დღეს გაიხსნა, ბუნებრივია, ემსახურება იმ უმთავრეს მიზანს, რომ ჩვენი მოქალაქეები შეუფერხებლად მონაწილეობდნენ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში; ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უფრო მეტად და უფრო სრულყოფილად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების და პოტენციალის რეალიზება. ეს ცენტრი არის კიდევ ერთი ძლიერი და შთამბეჭდავი მაგალითი ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობისა. მე მიყვარს ის შესანიშნავი და უშუალო წარწერა, რომელიც არის „იუესეიდის“ ემბლემაზე – „ამერიკელი ხალხისგან“. დღეს ეს პროექტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი მეგობრული და მტკიცე ურთიერთობები არსებობს ჩვენს ხალხებს შორის. ვაკეთებთ ყველაფრს, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდეს, გაძლიერდეს და ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტი სიკეთე და პროგრესი მიიღოს ამ მეგობრობისგან.

შესაძლოა, ბავშვები, რომლებიც დღეს აქ იწყებენ რეაბილიტაციას, ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ცენტრი ზუსტად დგას ამ მეგობრობაზე. თუმცა, როდესაც ისინი გაიზრდებიან და როდესაც მათ მშობლები ეტყვიან, რომ რეაბილიტაცია გაირეს ცენტრში, რომელიც საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველზე აშენდა, ბუნებრივია, ისინიც ჩვენსავით გააცნობიერებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ეს თანამშრომლობა და მეგობრობა. მინდა, მადლობა გადავუხადო კერძო სექტორს, აკადემიურ სექტორს, ვინაიდან ეს პროექტი არის სახელმწიფოს, აკადემიურ წრეებსა და კერძო სექტორს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ წარმატებები უსურვა კლინიკის პერსონალს.

„თითოეული ადამიანი, თითოეული პროფესიონალი იძენს განუზომელ მნიშვნელობას, როდესაც საქმე ეხება რეაბილიტაციას. ეს არის პროცესი, სადაც იმედი მედიცინის შესაძლებლობები, შრომა და ვარჯიში საბოლოო ჯამში გვაძლევს შედეგს და დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ, ეს პროექტიც მოემსახურება კეთილშობილ მიზნებს.

ბოლოს, მინდა ქედი მოვიხარო კენ ვოლკერის ხსოვნის წინაშე, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც თავისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი დრო დაუთმო საქართველოს.

და სწორედ ეს არის ჩვენი ერების მეგობრობის საუკეთესო მაგალითი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო მოქალაქეები, როდესაც საქართველოს საუკეთესო მოქალაქეები დროს, ენერგიას ხარჯავენ ერთმანეთისთვის, დროს, ენერგიას ხარჯავენ ერთმანეთის გასაძლიერებლად. ეს არის ნამდვილი მეგობრობა და კენ ვოლკერი იყო ამ დიდი მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი.

მინდა, მასაც და მის ოჯახსაც გადავუხადო მადლობა, ვინაიდან საქმეები, რომელიც მისი ინიციატივით დაიწყო, გრძელდება და წარმატებით ხორციელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დაესწრნენ.