არჩილ თალაკვაძე - კარგია, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს პროგრესს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროინტეგრაციის გზაზე
კარგია, რომ ევროკომისია, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები საქართველოს ცალსახად და ძლიერად უჭერენ მხარს, აფასებენ პოზიტიურად იმ პროგრესს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საქართველოსადმი მხარდაჭერის მაგალითი იყო ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადებებიც.
„ევროპარლამენტში 200-მდე დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას. ასევე, მოხდა უპრეცენდენტო რამ, იმ ადამიანმაც კი, ვინც შეიმუშავა ანგარიშის პროექტი და ვინც ეს რეზოლუცია დააინიცირა ევროპარლამენტში, არ დაუჭირა მხარი ამ დოკუმენტს. ეს თავისთავად ადასტურებს ერთადერთს – არის უსაფუძვლო ზეწოლა, მცდელობები, რომ როგორმე მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება და დაბლოკვა. ამას აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიის წარმომადგენლები ევროპარლამენტში, თუმცა კარგია, რომ ევროკომისია, ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები საქართველოს ცალსახად და ძლიერად უჭერენ მხარს, აფასებენ პოზიტიურად იმ პროგრესს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისში ევროკომისრის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც მან თქვა, რომ საქართველო რეფორმებში მიდის სწორი მიმართულებით და საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა თალაკვაძემ.