არჩილ თალაკვაძე - კარგად ჩანს და საზოგადოება ხედავს, პოლარიზაციას ვინ ქმნის და დაპირისპირებას ვინ აღვივებს
კარგად ჩანს და საზოგადოება ხედავს, პოლარიზაციას ვინ ქმნის და დაპირისპირებას ვინ აღვივებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„როდესაც არჩევნები უნდა ჩატარდეს და ორი-სამი დღით ადრე სატვირთო მანქანით ჩამოდიხარ ადამიანი, რომელმაც იცი, რომ დაპირისპირების ერთ-ერთი წყარო ხარ საქართველოში. უკანონოდ შემოდიხარ და გეგმა გაქვს, რაღაც აქციას დაესწრო და ქვეყანაში დაპირისპირება გააღრმაო, არის თუ არა ეს პოლარიზაცია-დაპირისპირება?! მითხარით, ამას ვინ აკეთებდა?! მეორე, როდესაც სატელევიზიო არხებს აფინანსებ და აკონტროლებ, მინიმუმ, სამს და ეს სატელევიზიო არხები ყოველდღე დაკავებული არიან ცილისწამებით, ადამიანებზე თავდასხმებით, მათ სადარბაზოებში რაღაცების მოხატვით, მათ შვილებზე მუქარით და ამ ყველაფრის გაშუქებით, აბა, მითხარით, შემთხვევით, ეს ხომ არ არის პოლარიზაცია-დაპირისპირების გაღვივება?!“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, როცა თამაშის წესებს გაგიწერენ, რასაც შენც დაეთანხმები და იტყვი, რომ ამ თამაშის წესებით გინდა თამაში, მერე კი ამ თამაშის წესებით არჩევნებს წააგებ, წაგება უნდა აღიარო.
„როცა თამაშის წესებს გაგიწერენ, რასაც შენც დაეთანხმები და იტყვი, რომ კი, მე ამ თამაშის წესებით მინდა თამაშიო, მერე ამ თამაშის წესებით არჩევნებს რომ წააგებ, ბევრი მსაჯი რომ არის ჩამოსული, ყველა რომ აკვირდება და ისინიც დასკვნას დადებენ, ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებულიო, მერე რომ გამოდიხარ და ამბობ, მოდი, კიდევ ერთი არჩევნები ჩავატაროთო, მერე კიდევ ერთი არჩევნები რომ ტარდება შვიდ-რვა თვეში და კიდევ წააგებ, იგივე და გარკვეულად შეცვლილი თამაშის წესებით, კიდევ ბევრი მსაჯის თანდასწრებით, კიდევ რომ გამოხვალ ერთ კვირაში და კიდევ იტყვი, მოდი, კიდევ ერთი არჩევნები ჩავატაროთ, კიდევ ვცადოთო, შემთხვევით, ეს ხომ არ არის პოლარიზაციისა და დაპირისპირების გაღვივება?! აბა, გაიხსენეთ, როცა სპორტში რაღაცას თამაშობთ და თამაშს მოიგებთ, თქვენი მოწინააღმდეგე რომ გამოვიდეს და მოედანზე ყვირილი დაიწყოს, ამას თამაში არ მოუგია, გააყალბა, მოგაჩვენათ და თამაში არ იცისო, ამ დროს კი ნამდვილად რომ იცით, რომ ეს თამაში მოიგეთ და ამ ყველაფერს მსაჯებიც უყურებენ, ერთი მითხარით, თქვენი რეაქცია რა იქნება?! შემთხვევით, დაპირისპირებაში ხომ არ შეხვალთ ამ ადამიანთან, თუ როგორ უნდა მოიქცეთ?! თქვენ უნდა დატოვოთ სტადიონი, თქვენი მხარდამჭერები, მაყურებლები და ბოდიში უნდა მოიხადოთ, რომ ასეთი მოწინააღმდეგე გყავთ?! ამიხსენით ერთი, ვინ ქმნის ამ ქვეყანაში პოლარიზაციას?!“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამ განცხადებით არჩილ თალაკვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მიიღო თუ არა ხელისუფლებამ პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით სტრასბურგიდან მოწოდება თავისი მისამართითაც და გრძნობს თუ არა თავის წილ პასუხისმგებლობას.
გადაცემის წამყვანმა, თამთა სანიკიძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერს სასამართლოსთან დაკავშირებითაც ჰკითხა, რატომ ვერ მოიპოვა მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესმა ნდობა ოპოზიციისა და უფლებადამცველთა ნაწილის მხრიდან, რაზეც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი შედეგით ფასდება, შედეგი კი არის ძალიან მკვეთრად გაუმჯობესებული სისტემა და მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი, რომელიც აქამდე არ არსებობდა.
შეკითხვაზე, რატომ არის ამ მიმართულებით მწვავე საერთაშორისო მოწოდებებიც, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის საერთაშორისო აზრი ყოველთვის საინტერესოა და მათ ნებისმიერ რჩევას, თუ კრიტიკას ყურადღებით ეცნობა, თუმცა, ამ ყველაფერს, პირველ რიგში, უკავშირებს საქართველოს კანონმდებლობას, კანონის უზენაესობის პრინციპებს და ადარებს, როგორ არის ეს იმ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოსთვის საუკეთესო პრაქტიკაა.