არჩილ თალაკვაძე - კახა კალაძე არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, ყველას გვსურს, ის იყოს თბილისის მერობის კანდიდატი
ინფორმაცია, თითქოს ჩვენი გუნდის სახელით თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ, არის მიზანმიმართული ჭორი, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სურვილია, რომ მერობის კანდიდატი კვლავ კახი კალაძე იყოს, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება თავად კალაძემ უნდა მიიღოს.
„რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინსინუაციებს, თითქოს ჩვენი გუნდის სახელით მე ვაპირებ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას, ეს გახლავთ მიზანმიმართული ჭორი. თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, თბილისში ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს, მომავალში მერად კვლავ კახი კალაძე იხილოს. პირველ რიგში, ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც უახლოეს პერიოდში, კამპანიის დაწყებისას წარვუდგენთ საზოგადოებას, ვიდრე ყველა თვითმმართველ ქალაქში კანდიდატურებთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები იქნება. კახი კალაძე არის გამორჩეული ლიდერი. რასაკვირველია, ჩვენ ყველას გვსურს, რომ ის იყოს თბილისის მერობის კანდიდატი. გადაწყვეტილება არის მისი მისაღები და მე დარწმუნებული ვარ, კახი კალაძესთან ერთად ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება ელოდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.