არჩილ თალაკვაძე - იყო საკმაოდ დატვირთული პოლიტიკური წლები, აქტიური დებატებიც, თუმცა პარლამენტმა იმუშავა ბოლომდე, იმუშავა სტაბილურად
არჩილ თალაკვაძე - იყო საკმაოდ დატვირთული პოლიტიკური წლები, აქტიური დებატებიც, თუმცა პარლამენტმა იმუშავა ბოლომდე, იმუშავა სტაბილურად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოთხი წლის განმავლობაში მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობა შეაჯამა.

თალაკვაძის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტმა განახორციელა, საკონსტიტუციო რეფორმაა, რომლის შედეგადაც დღეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია აქვს.

„როგორც იცით, დასრულდა პარლამენტის ძირითადი სამუშაო პროცესი, რასაც პლენარული სხდომები ეწოდება. პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას, დეპუტატებსაც მანდატის მოქმედება აქვთ ახალი პარლამენტის შეკრებამდე, თუმცა ჩვენ უკვე შეგვიძლია, შევაჯამოთ ის ძირითადი სამუშაო, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტმა ამ ოთხი წლის განმავლობაში გასწია.

რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც მე-9 მოწვევის პარლამენტმა განახორციელა, იყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც და რომლის შედეგადაც დღეს საქართველოს აქვს ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც ქმნის უფრო მყარ გარანტიებს ჩვენი თანამოქალაქეების და ადამიანის უფლებების დასაცავად, რომელიც ქმნის უფრო მაღალ სტანდარტს საკუთრების უფლების დასაცავად, ასევე, ქალთა და მამაკაცთა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის თანასწორობის უფრო მყარ გარანტიებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში სრულად ამკვიდრებს საპარლამენტო მმართველობას, რომელიც მიჩნეულია უფრო სტაბილურ, უფრო შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკურ სისტემად. ამით საქართველო გადადის უკვე დემოკრატიის იმ ეტაპზე, სადაც ჩვენ შეგვიძლია, მეტი თანამშრომლობით, უფრო დაბალანსებული პოლიტიკური სისტემით განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა შეცვალა საარჩევნო სისტემა.

„ჩვენ გადავედით არსებითად პროპორციულ სისტემაზე, ხოლო 2024 წლიდან ქვეყანა სრულად გადავა პროპორციულ სისტემაზე. ეს არის დემოკრატიული გაძლიერების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი, რომილთაც ჩვენ მივიღებთ უფრო სტაბილურ პოლიტიკურ სისტემას, რაც ისევ და ისევ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკანონმდებლო რეფორმებზე, როგორიცაა ბავშვის უფლებათა კოდექსი, ენერგეტიკის სფეროში რეფორმათა პაკეტი, ქალთა მიმართ დისკრიმინაციასთან ბრძოლის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებები.

„ეს არის მედიაციის რეფორმა და სისტემის შემოტანა, მიწის რეგისტრაციის კანონმდებლობა, საგადასახადო რეფორმები, რომლითაც ბიზნესს მიეცა მნიშვნელოვანი შეღავათები და დარჩა ძალიან სერიოზული რესურსი, რათა გაფართოებულიყო და შეექმნა ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენ მივიღეთ გარემოს დაცვითი კანონმდებლობა, ტყის კოდექსი და სხვა მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რომლებიც არსებითად ეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, დემოკრატიას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თითოეულ კოლეგას, ვინც ამ წლების განმავლობაში პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდა.

„იყო საკმაოდ დატვირთული პოლიტიკური წლები, ძალიან აქტიური პოლიტიკური დებატებიც გვახსოვს ამ პარლამენტში, თუმცა, როგორც ჩვენ ვამბობდით და როგორც მივეცით პირობა საზოგადოებას, პარლამენტმა იმუშავა ბოლომდე, იმუშავა სტაბილურად. როგორც ვამბობდით პოლიტიკური დებატების დროს, არაერთხელ, „ქართულმა ოცნებამ“ მყარი უმრავლესობით შეძლო ყველა იმ მნიშვნელოვანი ინიციატივის მიღება, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილებოდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ასევე შეეხო კორონავირუსის გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიოს დგას.

„დღეს მთელი მსოფლიო საერთო გამოწვევის წინაშეა, მათ შორის, საქართველოც. ეს არის „კოვიდ-19“-ის პანდემია. მოგეხსენებათ, ჩვენს მთავრობას, საკანონმდებლო ინსტიტუტის მხრიდან ჰქონდა ძალიან ძლიერი საკანონმდებლო მხარდაჭერა, რათა ქვეყანა გამკლავებოდა „კოვიდ-19“-ის პანდემიას. ქვეყანამ ყველაზე სახიფათო პერიოდში ეფექტიანად შეძლო პირველი ტალღის მოგერიება და დღეს ჩვენ უკვე ვართ ადაპტაციის ეტაპზე, სადაც უფრო მეტი ინფორმაცია და მეტი მზადყოფნა გვაქვს ამ პრობლემასთან ბრძოლისთვის.

ჩვენ შევძელით ეკონომიკის სტაბილიზაცია, ვმუშაობთ ეკონომიკის აღდგენაზე, ჩვენ შევქმენით სრული და სრულფასოვანი პირობები დემოკრატიული საარჩევნო პროცესის განხორციელებისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დასასრულს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, არსებითად პროპორციული სისტემით სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს.