არჩილ თალაკვაძე იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში მყოფ თანამემამულეებს ონლაინ კონფერენციის ფორმატში შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე იტალიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში მყოფ ქართველებს ონლაინ კონფერენციის ფორმატში შეხვდა, ხელისუფლების და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოზე ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე და პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
არჩილ თალაკვაძემ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. თქვენი დამსახურება ქვეყნის წინაშე წარმოუდგენლად დიდია, რადგან საქართველოს მთელს მსოფლიოს აცნობთ, ეკონომიკურად ეხმარებით აქ მყოფ ოჯახებს და რაც მთავარია, თქვენს შვილებს საქართველოს სიყვარულით ზრდით და სამშობლოსთან კავშირს უნარჩუნებთ. მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენი საერთო ძალისხმევით, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობიან განვითარებას და უსაფრთხოებას, ვმართავთ პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, სახელმწიფოს ყურადღების ცენტრშია ადამიანი, ზრუნვა ადამიანზე. ჩვენ მომავალზე ვართ ორიენტირებული და ვდებთ ინვესტიციას განათლებაში, ეკონომიკაში. გვსურს ერთიანი, ძლიერი საზოგადოება და ქვეყანა ავაშენოთ თქვენთან ერთად“, – განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეხვედრებში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის წევრები მონაწილეობენ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.