არჩილ თალაკვაძე - ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით პროკურატურამ არაერთი გახმაურებული საქმე გახსნა
ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში, საქართველოს პროკურატურამ გახსნა არაერთი მნიშვნელოვანი, გახმაურებული საქმე, ეს იყო ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტრაფიკი, გახმაურებული მკვლელობები და გახსოვთ, ხარისხი და სისწრაფე ამ გამოძიებაში იყო ძალიან ეფექტური, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც თალაკვაძე აცხადებს, ირაკლი შოთაძემ თანამდებობის დატოვებით ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მისი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, უმრავლესობა შოთაძეს მხარს დაუჭერს.
„ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც საზოგადოების ინტერესი იყო ძალიან მაღალი და იყო პროტესტი დაზარალებულთა მხრიდან, საზოგადოებას ჰქონდა კონკრეტული კითხვები მასთან დაკავშირებით. ის დადგა არჩევანის წინაშე, არის თუ არა მისთვის მორალური პასუხისმგებლობა უფრო მთავარი, თუ თანამდებობა და სკამი. ამ მომენტში მიიღო მან ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება, დატოვა თანამდებობა და აჩვენა მშობლებს, დაზარალებულებს, რომ თანამდებობა არ არის მთავარი. მისთვის მთავარია მორალური ღირებულებები, მორალური სტანდარტი იყოს დაცული და მან დატოვა თანამდებობა. დღეს, როდესაც მისი თანამდებობა ხელახლა განიხილება, პარლამენტში მაღალი ალბათობით იქნება მისი კანდიდატურა წარმოდგენილი, ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან ექნება მხარდაჭერა“,- განაცხადა თალაკვაძემ.
გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს 16 იანვარს წარედგინა.