არჩილ თალაკვაძე - ირაკლი შოთაძეს აქვს მართვის გამოცდილება, ის არის პროფესიონალი პროკურორი
ირაკლი შოთაძეს აქვს მართვის გამოცდილება, ის არის პროფესიონალი პროკურორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პროტესტი, რომელიც ამ დროისთვის არის ქუჩაში, მიუთითებს, რომ საქართველოში არის დემოკრატია და ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, იმ პლატფორმაზე, რომელსაც აირჩევს პოლიტიკური ძალა, მოქალაქეთა გაერთიანება, თუ ცალკეული მოქალაქე.
„რაც შეეხება პროკურორის დამტკიცების საკითხს, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ოპოზიციონერებთან, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების წინაშე, ამიტომ გვაქვს მოვალეობა, რომ დავამტკიცოთ თანამდებობაზე პროკურორი და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საზოგადოებას და ინსტიტუტებს სჭირდება. ის, რომ ოპოზიცია არ ეთანხმება კანდიდატურას ნორმალურია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ეს არის კანონით გათვალისწინებული პროცედურა, თუ კონკრეტულად კანდიდატურასთან დაკავშირებით გაინტერესებთ, მზად ვარ მეტ კითხვებს ამაზე ვუპასუხო. ირაკლი შოთაძის პერიოდში, პროკურატურა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური. მინდა, გავიხსენო არაერთ მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ტრეფიკინგის შემთხვევებს, ასევე ნარკოტრაფიკის საქმეები. ის იყო ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეების დროს ხელმძღვანელი, როდესაც წინა ხელისუფლების კორუმპირებულ, რიგ შემთხვევაში მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხო. შესაბამისად, მას აქვს მართვის გამოცდილება, ის არის პროფესიონალი პროკურორი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, შოთაძე გადადგა ერთი კონკრეტული საქმის გამო, რომელიც ეხებოდა არასრულწლოვნების მკვლელობას, საზოგადოებასა და დაზარალებული ოჯახის წევრებს გაუჩნდათ კითხვები მასთან, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება.
„მისთვის მორალური პრინციპები და ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან არის მთავარი. მისი გადადგომის შემდეგ გამოძიება გაგრძელდა, პასუხისგებაში მიეცა არაერთ პირი. ვნახეთ ოჯახის წევრების განცხადებები, სადაც ისინი დადებით შეფასებას აძლევდნენ საბოლოო ჯამში გამოძიებას. შესაბამისად, ამ საქმეზე კითხვები მეტწილად მოხსნილია. გუშინ ვნახეთ კომიტეტზე, რომ შოთაძეს აქვს უმრავლესობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა“, – განაცხადა თალაკვაძემ.