არჩილ თალაკვაძე - ირაკლი ოქრუაშვილის გამოსვლებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რეალურად ვის ხელში იყო სახელმწიფო
ირაკლი ოქრუაშვილის გამოსვლებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რეალურად ვის ხელში იყო სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ დღეებში განმავლობაში ვადევნებდი თვალს ბატონი ოქრუაშვილის ხელახალ დებიუტს საჯარო სივრცეში. ვფიქრობ, მისმა გამოსვლებმა კიდევ ერთხელ მთელ საზოგადოებას დაანახა, ვის ხელში იყო რეალურად სახელმწიფო, როგორც ფუნქციონირებდა, როგორ ლოგიკით და როგორი თამაშის წესებით მუშაობდნენ ეს ადამიანები, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში. მისმა გამოსვლებმა საზოგადოებას დაანახა, რომ არ შეიძლება იმას, რაც იყო და იმ სახელისუფლებო გუნდს, რომლის წევრიც იყო ოქრუაშვილი, რაიმე საერთო ჰქონდა ქვეყნის დემოკრატიულ მართვასთან კანონის პატივისცემასთან და სახელმწიფო ინტერესების დაცვასთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებმა საზოგადოებაში საკმაოდ იუმორისტული განწყობებიც გამოიწვია.
„ფაქტია, რომ ოქრუაშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, ვის ხელში იყო სახელმწიფო და როგორი წესებით იმართებოდა. მისი განცხადებების შემდეგ არანაირი ილუზია აღარ რჩება, რომ სახელმწიფო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მას მართავდა, კანონს სცემდნენ პატივს, დემოკრატიული პრინციპები იყო მნიშვნელოვანი და კერძო სექტორი იყო ხელშეუხებელი, ეს არის ის, რაზეც ღიმილისმომგვრელად საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.