არჩილ თალაკვაძე - ირაკლი კობახიძემ შეძლო ის, რაც წინა მოწვევის პარლამენტებში პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა
პარლამენტი არის ოპონირების ადგილი, ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენი გუნდისთვის, შესაბამისად მზად ვართ, გავუწიოთ ოპონირება ძალებს, რომლებსაც აქვთ კითხვები, – ასეთი კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ შეიძლება, ებრძოდეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.
„ირაკლი კობახიძეს არის განათლებული, პრინციპული ახალგაზრდა ლიდერი. მან შეძლო ის, რაც წინა მოწვევის პარლამენტებში პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა – დაიწყო და დათქმულ ვადებში ბოლომდე მიიყვანა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ქმნის ადამიანის უფლებათა დაცვის უკეთეს გარანტიას ქვეყანაში, უკეთეს სახელისუფლო და პოლიტიკურ ბალანსს. რაც მთავარია, ამ კონსტიტუციას აქვს საზოგადოების, ვენეციის კომისიისა და ხუთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც მან განაცხადა, „ქართული ოცნების“ გუნდი დღეს უკეთეს ფორმაშია.
„რაც შეეხება კითხვას, არიან თუ არა ადამიანები, რომლებიც ებრძვიან კობახიძეს, ამას ბრძოლას ვერ დავარქმევდი. ჩვენ გვაქვს პასუხები კითხვებზე, თუ ეს კითხვები არსებობს. მზად ვართ, რომ პარლამენტშივე გავცეთ პასუხი. გუნდი არის დღეს უკეთეს ფორმაში. პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ ჩვენ პრაქტიკულად მოგვცა შესაძლებლობა, რომ პარტიაში არსებული ფორმატები, რომელიც აუცილებელია გუნდის კონსოლიდაციისთვის, გავააქტიუროთ და ეს ასეც არის“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.