არჩილ თალაკვაძე - ირაკლი კობახიძე პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, რომელმაც მთელი საპარლამენტო გუნდის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი აზრით, არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმ მაღალი პასუხისმგებლობის, რომელსაც ეს ადამიანი თავის პოზიციაზე, პოლიტიკაში ატარებდა და გაატარებს მომავალში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, რომელმაც მთელი საპარლამენტო გუნდის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე თალაკვაძის კანდიდატურის შესაძლო წარდგენას, უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ მოცემულ მომენტში ამ საკითხზე საუბარი უჭირს.
„რაც შეეხება შემცვლელს და კანდიდატურას, ძალიან მიმძიმს ამ მომენტში საუბარი ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ირაკლი კობახიძე არის ჩვენი გუნდის ლიდერი, ის პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, მან მიიღო ეს პასუხისმგებლობა და ფაქტობრივად, მთელი საპარლამენტო გუნდის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება რეგლამენტის დაცვით უახლოეს მომდევნო სხდომაზე. ვადასტურებ, რომ ამაზე იყო კონსულტაციები და ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი შეძლებს, პარლამენტის საქმიანობა შეუფერხებლად გააგრძელოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ „ქართული ოცნების” მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა.
ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას.