არჩილ თალაკვაძე - ირაკლი კობახიძე გეგმავს, თავისუფლების საპარლამენტო ორდენის მიღების შემდეგ, ჯილდოთი გათვალისწინებული თანხა ონკოლოგიური დიაგნოზის ბავშვებს გადაურიცხოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს მისამართით მოგმართავთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე წარვადგინოთ თავისუფლების საპარლამენტო ორდენზე, დავაჯილდოვოთ ამ ორდენით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში, როდესაც, როგორც პარლამენტის წინა თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა ამ რეფორმას.
„მოგეხსენებათ, რომ მან განუზომლად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში. ის პირადად, როგორც პარლამენტის წინა თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა საკონსტიტუციო რეფორმას. ეს გახლავთ რეფორმა, რომელიც არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა სხვა მოწვევების პარლამენტში არაერთხელ სცადა რომ გაეტარებინა. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ეს წინა შემთხვევებში ვერ მოხერხდა. თუმცა ბატონმა, ირაკლი კობახიძემ შეძლო საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის მხარდაჭერით ამ რეფორმის წარმატებით დასრულება და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საამაყოა, რომ არაერთი ჩვენგანი გახლდით ამ პროცესში ჩართული და გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოგმართავთ, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დავაჯილდოვოთ. ეს იქნება სიმბოლური, მოკრძალებული აღნიშვნა იმ წვლილის, რაც მან შეიტანა კონსტიტუციის შესაბამისად დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების პროცესში. აქვე გეტყვით, რომ კანონმდებლობით საპარლამენტო ორდენის დაჯილდოვების ნაწილი გახლავთ ასევე ფულადი ჯილდოც. მე მქონდა მასთან პირადად კონსულტაცია და მინდა წინსმწრებად გითხრათ, მისი სურვილის შესახებ. ბატონი ირაკლი კობახიძე გეგმავს, რომ ეს თანხა გადაურიცხოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს და სწორედ ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის არასრულწლოვან მოქალაქეებს, ვისაც ონკოლოგიური პრობლემები აწუხებთ, გადაურიცხოს ეს თანხა და დაეხმაროს მათ მკურნალობის პროცესში“, – განაცხადა თალაკვაძემ.