არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და კახა კუჭავა NDI-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ
არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და კახა კუჭავა NDI-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს და NDI-ის საარჩევნო პროგრამების მენეჯმენტს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართა, არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ გატარებული საკანონმდებლო რეფორმები, წინასაარჩევნო კამპანიის საკითხები, კოვიდ19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები და სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლის საკითხი განიხილეს.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ NDI-ის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და ქვეყანა ყველა ზომას მიიღებს პანდემიის პირობებში მოქალაქეთა, ასევე, დამკვირვებლების უსაფრთხოების დასაცავად. NDI-ის პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა დადებითად შეაფასა პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმები, ისაუბრა პოზიტიური საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას“, – ნათქვამია პრესცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.