არჩილ თალაკვაძე - ირაკლი კობახიძე ახლაც, როცა ჩვენ ეთერში ვსაუბრობთ, პირადად მუშაობს პარლამენტში წარსადგენ ათთვიან პროგრამაზე, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო პროგრამა იქნება
არჩილ თალაკვაძე - ირაკლი კობახიძე ახლაც, როცა ჩვენ ეთერში ვსაუბრობთ, პირადად მუშაობს პარლამენტში წარსადგენ ათთვიან პროგრამაზე, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო პროგრამა იქნება

ირაკლი კობახიძე ახლაც, როცა ჩვენ აქ, ეთერში ვსაუბრობთ, მათ შორის, პირადად მუშაობს ათთვიან პროგრამაზე, რომელიც პარლამენტს უნდა წარუდგინოს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ჩვენი ძირითადი დაპირებები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მის ეკონომიკურ განვითარებას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რა თქმა უნდა, რჩება ძალაში. ეს არის გუნდის საერთო პასუხისმგებლობა. მინდა, გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე ახლაც, როცა ჩვენ აქ, ეთერში ვსაუბრობთ, მათ შორის, პირადად მუშაობს ათთვიან პროგრამაზე, რომელიც პარლამენტს უნდა წარუდგინოს. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო პროგრამა იქნება და იქ საზოგადოება ნახავს ყველა მნიშვნელოვან გზავნილს, რომლებიც შემდეგი ათი თვის განმავლობაში ქვეყნისთვის იქნება წარმმართველი. რა თქმა უნდა, გრძელვადიანი სტრატეგიული ამოცანები ჩვენ გაცხადებული გვაქვს, აქ რამე არსებითი ცვლილებების შეტანა არც იგეგმება და არც იქნება სერიოზული, რომ ეს ერთ კვირაში შეიცვალოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება მომავალ კვირაში მოხდება.

„პროცედურის თანახმად, სამშაბათიდან დაიწყება საკომიტეტო მოსმენები; 8 ან 9 თებერვალს ეს პროცესი მთლიანად დასრულდება და ახალი პრემიერ-მინისტრი, კაბინეტთან ერთად, იქნება სრული მანდატით აღჭურვილი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ გამოვიდა ყრილობაზე სიტყვით ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტიაში, პოლიტიკაში დაბრუნდა და, შესაბამისად, საზოგადოებაში მისი სიტყვით გამოსვლის მოლოდინი იყო, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტრიბუნა არ გამოიყენა, რაც მისი გადაწყვეტილება იყო და ამაში სკანდალური არაფერია.

„იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ყრილობაზე გამოსვლის შესაძლებლობა არ გამოიყენა, არაფერი სკანდალური არ უნდა ვეძებოთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცოტა ხნის წინ ასევე ჩატარდა ჩვენი პარტიის რიგითი ყრილობა; მას ჰქონდა ვრცელი გამოსვლა, სადაც ისაუბრა ყველა საკითხზე, რაც, მისი აზრით, იყო პრიორიტეტული და საზოგადოებას ასევე აინტერესებდა. ასე რომ, ახლა, ამ ყრილობაზე ნამდვილად აქვს ახსნა იმას, რომ მან არ გამოიყენა ეს ტრიბუნა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.