არჩილ თალაკვაძე - ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიის პოზიციების გაძლიერებასა და მხარდამჭერების მეტ კონსოლიდაციას ემსახურება
ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე უკეთ შეძლებს, „ქართული ოცნების ყველა“ მხარდამჭერი შემოიკრიბოს, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც პარტიის საქმიანობაში და ცვლილებებში თავიდანვე იყვნენ ჩართული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება სწორი და დროული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა და გამოცდილი კადრია. ის პარტიის საქმიანობაში თავიდანვე ჩართული იყო და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ყველაზე უკეთ შეძლებს, მაქსიმალურად შემოიკრიბოს „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერი, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც პარტიის საქმიანობაში და ცვლილებებში თავიდანვე ჩართული იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ამას საუკეთესოდ შეძლებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს როგორც პარტია „ქართულ ოცნებაში“, ასევე პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული.
„დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ, პარტიის პოზიციები გავაძლიეროთ. ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში რეიტინგი ყოველთვის ჰქონდა და მხარდაჭერა დღესაც აქვს. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოზიციების გაძლიერებასა და ჩვენი მხარდამჭერების უფრო მეტ კონსოლიდაციას ემსახურება. პროცესები, რომელიც პარტიაში მიდის, კიდევ უფრო მეტად გაუხსნის კარს ახალი, მომავლის ხედვის მქონე მოტივირებულ ადამიანებს. 2020 წლის არჩევნები ახლოვდება. შესაბამისად, ეს პროცესები კანონზომიერია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა თუ არა ღარიბაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყოს, თალაკვაძემ ამბობს, რომ ეს საკითხი არ განხილულა და შესაბამისად, კომენტარს ვერ გააკეთებს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ის პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.