არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს აღორძინებას თუ დაიწყებს, სხვა ინვესტორებიც დააბანდებენ ინვესტიციებს
თუ ერთი სანდო და ძლიერი ინვესტორი შედის სადმე, იქ შედიან სხვა ინვესტორებიც. თუ ბიძინა ივანიშვილი შევა წყალტუბოში ქველმოქმედებით და დააბანდებს ინვესტიციას, ეს ნიშნავს, რომ მსხვილი ინვესტორები, რომლებიც სასტუმროების, სარეკრეაციო და ჯანდაცვის ბიზნესში არიან, ასევე დააბანდებენ ინვესტიციას, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ წყალტუბოს აღორძინების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ ინიციატივასთან გამოთქმულ მოსაზრებებსა და შეფასებებს გამოეხმაურა.
„სამი განსხვავებული აზრია შექმნილი წყალტუბოს აღორძინების პროექტზე: ბევრი ფიქრობს, რომ ეს არის კარგი ინიციატივა და დაეხმარება წყალტუბოს, იმერეთისა და საქართველოს ეკონომიკას; არიან ადამიანები, ვინც ამას ეწინააღმდეგება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. ეს ის ნაწილია, ვისაც სჯეროდა, რომ საქართველოს მთავრობამ იყიდა მატარებელი, რომელიც გვირაბში არ ეტევა. ეს ჯგუფი არის დაკავებული სიმართლისა და რეალობის გაყალბებით; მესამე – ეს არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც აინტერესებს და სვამს კითხვებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ინვესტიციების ჩადებისა და მოზიდვის ორი გზაა ცნობილი – ერთი გზა იარაღით და მუქარით ინვესტორების იძულება (რასაც ყოფილი ჩინოვნიკები უკვე ეთერშიც ყვებიან წლების შემდეგ), ხოლო მეორე – ნდობა.
„ერთი არის იარაღის მუქარით და ზემოქმედებით, იძულებით „ინვესტიციის“ დაბანდება, რაც გვახსოვს როგორ კეთდებოდა. რომელიღაც ქალაქში ბოსელი უნდა შეარჩიოს მთავრობამ, გააგზავნოს ბიზნესმენი და უნდა უთხრას, რომ ეს იყიდე მილიონად – თუ არ გააკეთებ, დაგიჭერ. მეორე გზა არის ნდობა. ინვესტიციას სჭირდება ნდობა. თუ ნდობა არსებობს, ინვესტორები მოდიან, აბანდებენ ინვესტიციას. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა დაიწყო აბასთუმნის რეაბილიტაცია და ინვესტიციის განხორციელება, მოვიდა ხუთი სხვა ინვესტორი და ააშენეს სასტუმროები, როდესაც აღადგინა საბაზისო ინფრასტრუქტურა, იქ მივიდა ტურიზმის ბიზნესი, სამეწარმეო ბიზნესი, სატრანსპორტო ბიზნესი. რეალურად, აბასთუმნის შემთხვევა დღეს რომ განვიხილოთ, ეს არის მაგალითი იმისა, როცა ერთი სანდო და ძლიერი ინვესტორი შედის სადმე, იქ შედიან სხვა ინვესტორებიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.