არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, სუიციდის პრევენციის პროგრამა სამოქალაქო სექტორშიც ამოქმედდეს
არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, სუიციდის პრევენციის პროგრამა სამოქალაქო სექტორშიც ამოქმედდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ინიციატივით გამოდის, სამოქალაქო სექტორშიც ამოქმედდეს სუიციდის პრევენციის იმგვარი პროგრამა, როგორიც წლების წინ პენიტენციურ სისტემაში შეიქმნა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ 15 წლის მოზარდის საქმეზე დამოუკიდებელი ინსპექტორის გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. მისივე თქმით, სუიციდის პრობლემა გამოწვევაა მთელ მსოფლიოში.

„სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს უწყება. მივესალმები, რომ მყისიერი რეაგირება იყო ინსპექტორის მხრიდან და დროულად დაიწყო გამოძიება. ვფიქრობ, პროგრამა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში გავაკეთეთ და პროგრამა, რომელსაც ახლა წარმატებით უძღვება ქალბატონი თეა წულუკიანი და მისი უწყება, არის სუიციდის პრევენციის პროგრამა, სადაც პენიტენციურ სისტემაში შევქმენით სპეციალური ინსტრუმენტი, რომელიც წინასწარ ადგენდა რისკებს, ჰქონდა თუ არა ადამიანს დეპრესია, ჰქონდა თუ არა ადამიანს სუიციდალური მიდრეკილებები და მინდა გითხრათ, პროგრამის ორი წლის განმავლობაში 81 ჩვენი თანამოქალაქე, რომელსაც ჰქონდა სუიციდალური მიდრეკილებები, ან წარსულში ჰქონდა სუიციდის მცდელობა, იყო ჩართული ამ პროგრამაში და 81 ადამიანისგან, რომელსაც პროგრამა ემსახურებოდა, არც ერთს ორი წლის განმავლობაში სუიციდის მცდელობა პრაქტიკულად არ ჰქონია. ვფიქრობ და კიდევ ერთხელ მინდა, ეს საკითხი საჯაროდ გამოვიტანო სამსჯელოდ, რომ ასეთი ტიპის პროგრამა საჭიროა სამოქალაქო სექტორში. ვინაიდან სუიციდი არ არის მხოლოდ მოზარდების პრობლემა, არის ზრდასრულ ადამიანებშიც პრობლემა და ეს ასევე არ არის მხოლოდ ჩვენი გამოწვევა. მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებსაც, სამწუხაროდ, აქვთ იგივე გამოწვევა. დეპრესია და სუიციდი, ზოგადად, დღევანდელ მსოფლიოში არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, დამოუკიდებლად იმისგან, თუ რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.