არჩილ თალაკვაძე ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) კიშან დან დევალს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სექტორებს. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში შექმნილი ინდოეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი აქტიურ წვლილს შეიტანს პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში ინდურ ინვესტიციებზე და გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა, ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების შეთავაზებით ინდოეთის რესპუბლიკასთან კიდევ უფრო გააღრმავოს ბიზნეს ურთიერთობები.

არჩილ თალაკვაძემ დადებითად შეაფასა მხარეების თანამშრომლობა განათლების სფეროში, რაც ქართული უნივერსიტეტებით ინდოელი სტუდენტების დაინტერესებაში გამოიხატება. პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა პოემა „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემას ჰინდის ენაზე და აღნიშნა, რომ იგი დამატებით ხელს შეუწყობს ინდოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას. აგრეთვე, მან ინდოეთის მხარეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ 2017-2018 წლებში მოსახლეობას ჰქონდა საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებთან მოლოცვის შესაძლებლობა.

გარდა ამის, არჩილ თალაკვაძემ ელჩს გააცნო ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები და ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიშან დან დევალს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.