არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, ოპოზიცია გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას და დოკუმენტს დაეთანხმება
იმედი მაქვს, ოპოზიცია გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას და დოკუმენტს დაეთანხმება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა და თვითმმართველობის არჩევნებზე 40-პროცენტიანი მხარდაჭერის ამოქმედება კონსტრუქციულ ოპოზიციას შესაძლებლობას მისცემს, შეუერთდნენ დოკუმენტს.
„რადგან გქონდათ კითხვა, ხომ არ მოხდა ჩაშლა „ქართული ოცნების“ მიზეზით, ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ხელი მოვაწეროთ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს. მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“, კრისტიან დანიელსონის თანდასწრებით დიალოგის ბოლო რაუნდზეც მკაფიოდ განაცხადა და ეს მე ვთქვი, ჩემი სიტყვები ძალიან კარგად მახსოვს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის შეთანხმებაზე ხელმოსაწერად, თუ ოპოზიცია ამ დოკუმენტს დაეთანხმება. სამწუხაროდ, ოპოზიცია მაშინ ამ დოკუმენტს არ დაეთანხმა. იმედი მაქვს, ისინი გადახედავენ საკუთარ დამოკიდებულებას და ამას დაეთანხმებიან დღეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვზრუნავთ უფრო მაღალ საჯარო ინტერესებზე – ქვეყნის ინტერესებზე. ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელსაც აქვს უფრო კონსტრუქციული დამოკიდებულება, ჩვენ არამხოლოდ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, არამედ მზადყოფნას ვაცხადებთ, რომ ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპიც. ვფიქრობ, ეს მისცემს საშუალებას კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ და თუ მათ მართლა სურთ პარლამენტში შესვლა, შევიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.