არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან გამოყენებული იქნება როგორც შესაძლებლობა, რათა გავაძლიეროთ საქართველოში დემოკრატია
პარლამენტმა პირველი კენჭისყრით დაამტკიცა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მას შემდეგ, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმა ჩაატარა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სრულად იქნება გამოყენებული როგორც შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ, ეს საპარლამენტო არჩევნები გამოვიყენოთ, რათა გავაძლიეროთ საქართველოში დემოკრატია, გავაგრძელოთ დემოკრატიული განვითარება და შევქმნათ კიდევ უფრო სტაბილური, კიდევ უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემა. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს, ვინაიდან სწორედ მათი მხარდაჭერით, ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი გახდა საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარება და დღეს პირველი მოსმენით ამ მნიშვნელოვანი ცვლილების მიღება. აქვე მსურს, მადლობა გადავუხადო პოლიტიკური საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილსაც, რომელმაც მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა ამ ცვლილებებს. მოგეხსენებათ, 136 ხმით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რაც ნიშნავს, რომ უკვე რეალურად პირველი კენჭისყრით ეს გადაწყვეტილება არის სახეზე. მეორე და მესამე კენჭისყრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გვექნება. რაც შეიძლება ოპტიმალურ დროში პარლამენტი ამ ცვლილებაზე მუშაობას დაასრულებს, რასაც მოჰყვება საარჩევნო კოდექსში უკვე რეფორმა, ეუთო/ოდირის რეკომენდაციის გათვალისწინებით და ჩვენ ჩავატარებთ მორიგ საპარლამენტო დემოკრატიულ და გამჭვირვალე სამართლიან არჩევნებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭერდა თუ არა მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, პირველ კენჭისყრაზე ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში მხარდაჭერილი იქნებოდა.
„თითოეული დეპუტატის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკვე წინა დღეებში საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური ჯგუფების პოზიციით, რაოდენობა დეპუტატების მხარდაჭერა იყო საკმარისი, რათა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გასულიყო. დაუჭერდა თუ არა მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომელიც ბოლო მომენტამდე თავის პოზიციას არ აფიქსირებდნენ, ეს ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც გამოჩნდა, პირველი კენჭისყრით იქნებოდა მხარდაჭერილი. თუმცა რასაკვირველია, კარგია, რომ ოპოზიციის ამ ნაწილმა, „ევროპულმა საქართველომ“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, კენჭისყრაში მონაწილეობა. მათ გაითვალისწინეს ჩვენი პარტნიორების და ჩვენი მოწოდება, რომ მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის“,- განაცხადა თალაკვაძემ.
136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.