არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს აღსაყდრების დღეს ულოცავს - თქვენი მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და ხალხი, გვეხმარება სირთულეების დაძლევაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ინტრონიზაციის დღეს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ აღსაყდრებიდან 43 წლის იუბილეს!
თქვენი ლოცვა და თანადგომა, მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და საკუთარი ხალხი – გვეხმარება, რომ სირთულეები დავძლიოთ და ჩვენი ისტორია მომავალს დავუკავშიროთ.
თქვენი ღვაწლი გამორჩეულია ეკლესია-მონასტრების აღდგენის, ერის რწმენაში დაბრუნების და სულიერების განმტკიცების საქმეში, რისთვისაც მადლიერი ვართ.
საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ, კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!“- აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.
25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.
როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, პანდემიის გამო, წელს ამ თარიღთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება არ იგეგმება.