არჩილ თალაკვაძე - ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმატებაა, ასეთი გადაწყვეტილებები დაეხმარება საქართველოს, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმატებაა.
თალაკვაძის თქმით, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის მოგების შემდეგ.
ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სტრასბურგისა და ჰააგის სამართლებრივი გადაწყვეტილებები დაეხმარება საქართველოს, რომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.
„ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, საზოგადოების კიდევ ერთი წარმატებაა საერთაშორისო ასპარეზზე, სიმართლისთვის ბრძოლაში. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება დამდგარიყო, რაც დღეს საჯაროდ გახდა ცნობილი. მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, განსაკუთრებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს და ჩვენს პროკურორებს, რომლებმაც ძალიან ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება დამდგარიყო. სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის მოგების შემდეგ ეს უდავოდ გახდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, წარმატება სიმართლისთვის ბრძოლაში. სიმართლე არის ჩვენს, საქართველოს მხარეს და მე დარწმუნებული ვარ, ეს საერთაშორისო სამართლებრივი გადაწყვეტილებები ჯერ სტრასბურგში, შემდეგ კი ჰააგაში, დაეხმარება საქართველოს, რომ აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ვამბობდით, რომ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყველა არგუმენტი საქართველოს მხარეს არის. სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ სიმართლის დამტკიცება შესაძლებელი იყო. ძირითადი უდიდესი სამუშაო ამ მიმართულებით ჩატარდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ჰააგაში ამ გამოძიების მასალებს თან ერთოდა საქართველოს მაშინდელი ომბუდსმენის, სოზარ სუბარის და მისი ოფისის მიერ მოპოვებული მასალები. მათ შორის, ჩემიც, როდესაც პირადად გახლდით აგვისტოს ომის დღეებში ომის ზონაში, 22 სოფელში შევაგროვეთ ინფორმაცია ჰუმანიტარული პირობების, ადამიანების მკვლელობებისა და მათი დევნის შესახებ. სპეციალური ანგარიში, რომელიც, სოზარ სუბართან ერთად, მაშინ მისმა ოფისმა მოვამზადეთ, თან ერთვოდა ამ საგამოძიებო მასალებს. ჩვენ გვჯეროდა, რომ სიმართლე აუცილებლად იქნებოდა აღიარებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა იმ პირთა სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა. კარიმ ხანის განცხადება ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისმა დღეს გაავრცელა.