არჩილ თალაკვაძე - გვესმის განცხადებები, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდა მოხდეს ცვლილებები, არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას
პარლამენტის ბოიკოტირებით ოპოზიციამ საზოგადოებას უთხრა, „დიახ, თქვენ მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მუშაობა, არ გვინდა მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა, თუმცა, გვინდა დაფინანსება და მზად ვართ, თქვენი გადასახადები დავხარჯოთ“, ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუღებელია განცხადებები, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდა მოხდეს ცვლილებები.
„გვაქვს მოცემულობა, როდესაც ოპოზიციას არ სურს, იყოს ოპოზიცია, რაც თავისთავად დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა. პარლამენტის ბოიკოტირებით მათ საზოგადოებას უთხრეს „დიახ, თქვენ მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა მუშაობა, არ გვინდა მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა, თუმცა, გვინდა დაფინანსება და მზად ვართ, თქვენი გადასახადები დავხარჯოთ“ – დამეთანხმებით, ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. გვესმის განცხადებები, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდა მოხდეს ცვლილებები – ეს მიუღებელია და არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. ძალადობაზე სახელმწიფოს ექნება იგივე რეაქცია, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში აქვს მართლმსაჯულებას.
პოლიტიკური პარტიების ეს ნაწილი გახდა საკუთარი შეფასებების და რადიკალური განცხადებების მძევალი, დღეს არის ისეთი გადაწყვეტილების ძიებაში, რომელსაც ჩვენმა კოლეგა ევროპარლამენტარებმა რამდენიმე დღის წინ „ოპოზიციისთვის პრესტიჟის და სახის შენარჩუნების გამოსავალი“ უწოდეს. ასევე, ნიშანდობლივია, რომ ის, რასაც ჩვენ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის საბოტაჟი ვუწოდეთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გასულ კვირას კიდევ უფრო მძიმე ფორმულირებით გაჟღერდა და ევროპელმა კოლეგებმა ეს აქტი „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრად“ შეაფასეს“, – განაცხადა თალაკვაძემ საპარლამენტო საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები და ელჩები ესწრებოდნენ.