არჩილ თალაკვაძე - გვაქვს მოლოდინი, რომ უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის შემდგომი ნაბიჯები იქნება არსებითი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით
მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და გვაქვს მოლოდინი, რომ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან იქნება არსებითი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსა და მოლდოვისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფორმატში გამოხატა.
ამასთან, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, რადიკალური ოპოზიციის მთავარი სურვილია, როგორმე, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი დააზიანონ, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის დასავლეთთან თანამშრომლობას ხელს ვერ შეუშლიან.
„საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ჩვენ გამოვხატეთ მტკიცე მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო ფორმატში, იყო ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის საბჭო, სისხლის სამართლის საერთაშოროსო სასამართლოში დაკავშირებული სარჩელი, ის რეზოლუციები, რომელიც მიღებულ იქნა დასავლეთის მიერ და რა თქმა უნდა, საქართველო არის ნაწილი ყველა იმ ძირითადი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებების, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები იღებენ.
ჩვენთვის მთავარია, რომ თითოეული ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის კოორდინირებული და თანხმობაშია ჩვენს საერთაშორიო პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ არის, რომ აშშ-ის, ევროკავშირის წარმომადგენლებმა, უკრაინის საგარეო მინისტრმაც არაერთხელ დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო დამოკიდებულება და ძალიან მკაფიო პოზიცია მხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებაში.
გვესმის, რომ ეს არის ჩვენი ყველაზე რადიკალური ოპოზიციის მთავარი სურვილი, როგორმე, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი დააზიანონ, თუმცა მინდა, მათ მივმართო, რომ ტყუილებით, მოკლევადიანი ეფექტებით საქართველოს წინსვლაზე და საქართველოს თანამშრომლობას დასავლეთთან ხელს ვერ შეუშლიან. ეს ომი აუცილებლად დასრულდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის და გვაქვს მოლოდინი, რომ შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან იქნება არსებითი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსა და მოლდოვისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.