არჩილ თალაკვაძე - გვაქვს მოცემულობა, როცა ოპოზიციას არ სურს, იყოს ოპოზიცია, რაც დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა
გვაქვს მოცემულობა, როცა ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, რაც დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობას ანგარიშს წარდგენისას განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არც პანდემიის პირობებში არჩევნებზე მისული ორი მილიონი მოქალაქის არჩევანი გაითვალისწინა, არც საკუთარი მხარდამჭერების სურვილი, რომ პარლამენტში ძლიერი ოპოზიციაა საჭირო და არც პოლიტიკური დიალოგის დროს მიცემული პირობა.
„პარლამენტის ბოიკოტირებით მათ საზოგადოებას უთხრეს: დიახ, თქვენ მოგვეცით ხმა, მაგრამ ჩვენ მუშაობა არ გვინდა! არ გვინდა მონაწილეობა და ოპოზიციაში ყოფნა, თუმცა გვინდა დაფინანსება და მზად ვართ, თქვენი გადასახადები დავხარჯოთ. ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. გვესმის განცხადებები, რომ ცვლილებები საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით უნდა მოხდეს. ეს მიუღებელია – ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ! ძალადობაზე სახელმწიფოს იგივე რეაქცია ექნება, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულებას აქვს. პოლიტიკური პარტიების ეს ნაწილი საკუთარი რადიკალური განცხადებების და შეფასებების მძევალი გახდა და დღეს ისეთი გადაწყვეტილებების ძიებაში არიან, რასაც ევროპარლამენტარებმა ოპოზიციისთვის პრესტიჟისა და სახის შენარჩუნების გამოსავალი უწოდეს. რასაც ჩვენ პარლამენტის საბოტაჟი ვუწოდეთ, ეს აქტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კიდევ უფრო მძიმე ფორმულირებით გაჟღერდა – ევროპელმა კოლეგებმა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრად შეაფასეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.