არჩილ თალაკვაძე - გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ევროპული საქართველოს“ დესტრუქციული დამოკიდებულება
არჩილ თალაკვაძე - გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ევროპული საქართველოს“ დესტრუქციული დამოკიდებულება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საზოგადოებამ გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახა, რომ მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ მიერ აღებული პასუხისმგებლობა და პირობა განუხრელად სრულდება.

მისივე თქმით, გუშინ ასევე გამოჩნდა პროცესისადმი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დესტრუქციული დამოკიდებულება.

„ჩვენ, რასაკვირველია, ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს და შევასრულებთ ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების, ჩვენი მოქალაქეებისა და თუნდაც სხვა პოლიტიკური პარტიების წინაშე იქნა აღებული. ასევე, მათაც ჰქონდათ ამ შეთანხმებით აღებული პასუხისმგებლობა, რომ მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის.

გუშინ ასევე კარგად გამოჩნდა, რომ რეალურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ არიან მზად პასუხისმგებლიანი პოლიტიკისთვის, არ არიან მზად, შეასრულონ ვალდებულება, რომელიც მათ საჯაროდ აიღეს და ხელმოწერით დააფიქსირეს.

შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის უკიდურესად დესტრუქციული დამოკიდებულება და ეს არის მიდგომა, რომელიც პრაქტიკულად მომავლის, კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხისმგებლიანი, საქმიანი, სტაბილური პოლიტიკისგან თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს ამ ორ პარტიას“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ორი მოსმენით დაუჭირა.

„ეს იყო მათი მხრიდან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და, რასაკვირველია, ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ ამ პროცესში მათ მონაწილეობას“,- დასძინა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები გუშინ მეორე მოსმენით, 115 ხმით მიიღო.