არჩილ თალაკვაძე - გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა არათანმიმდევრულია სააკაშვილი და მისი პარტია, საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად შეიძლება, გადაცდომა ეწოდოს წამებით, ძალადობით ადამიანების დაღუპვას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საზოგადოებამ გუშინ კიდევ ერთხელ ნახა, რა არათანმიმდევრულია მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური პარტია.
„ის ამბობდა, რომ სურს სასამართლო პროცესში მონაწილეობა, მაგრამ როგორც კი სასამართლოზე გამოცხადდა, თქვა, რომ სასამართლოს და მართლმსაჯულებას არ აღიარებს. ის ამბობდა, რომ პროვოკაციებისთვის არ იქნებოდა გამოყენებული მისი გადაადგილება და ვნახეთ, რომ იყო პროვოკაციების მცდელობა, რაც აღკვეთეს სამართლადამცველება. სააკაშვილის მხარდამჭერებმა პრაქტიკულად გადაკეტეს ცენტრალური მაგისტრალები, მაშინ, როდესაც ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს სჭირდება სასწრაფო დახმარების მანქანებით და სერვისებით სარგებლობა. ჩვენ ვნახეთ ასევე ადამიანები, რომლებზეც გვიმტკიცებდნენ, თითქოს ისინი პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებული წინა თვეებში, ვნახეთ, რომ ეს ადამიანები ისევ ძალადობდნენ პოლიციელებზე. დადასტურდა, რომ მაშინაც სამართალდამცველებს ეს ადამიანები იბიექტურად ჰყავდათ დაკავებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის განმარტებით, გამოჩნდა, რა პოლიტიკური მიზნები აქვს სააკაშვილს და მის გუნდს.
„მისი ნებისმიერი გადაადგილება არის მათთვის პროვოკაციის შესაძლებლობა და ამისთვის სჭირდებოდათ სასამართლოზე მოსვლა, თორემ ვნახეთ, სასმართლოზევე თქვა, რომ აღარც დაესწრება და არც აღიარებს სასამართლო პროცესს. რაც შეეხება მის გამოსვლას, ამ გამოსვლში ჩვენ მარტივად გამოვიტანეთ დასკვნა. სააკაშვილმა თქვა, როდესაც ტყეს ჭრიან, ნაფოტებიც სცვივაო. ანუ, მე სახელმწიფოს ვაშენებდიო და იქ თუ ვინმე დაიღუპა, თუ ვინმე აწამეს და ვინმეს უფლებები დაირღვა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოხდაო და ამას დანაშაულად არ ვაღიარებო, ეს უბრალოდ გადაცდომები იყოო. საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად შეიძლება, ამას გადაცდომა ეწოდოს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა წამების და ძალადობის შედეგად, ბევრი ადამიანი გაუჩინარებული იყო, ბევრი ადამიანი პოლიტპატიმარი იყო, მედიაში რეიდები ტარდებოდა და საკუთრება ჩამორთმეული იყო. საზოგადოებამ უკვე მერვე არჩევნებში თავისი არჩევანი გააკეთა და თავისი პოზიცია დააფიქსირა. რეფორმების გატარება უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვით და პატივისცემით“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.