არჩილ თალაკვაძე - გოცირიძე, პირველ რიგში, საკუთარ თავსა და პარტიაზე უნდა იყოს გაბრაზებული, რომ ვერაფრით მოახერხეს, დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მეორედ აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში.
თალაკვაძის თქმით, თავდაპირველად, ისინი საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლას მხარს უჭერდნენ, თუმცა ცვლილებებს ხმა არ მისცეს.
„პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინონ, საზოგადოების დიდი ნაწილი გაბრაზებულია იმიტომ, რომ ძველი ოპოზიცია – „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ორი თვის განმავლობაში საჯაროდ ატყუებდნენ საზოგადოებას. ისინი საჯარო განცხადებებით ხალხს ეუბნებოდნენ, რომ მხარს უჭერდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და საღამოს ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ მივეცით საარჩევნო სისტემის ცვლილებასო.
მგონი, გუშინ კარგად დაინახეთ, რომ ძველი ოპოზიცია საერთოდ არ ესწრებოდა განხილვებს და მათ არ წარმოუდგენიათ არც ერთი წინადადება. შესაბამისად, ეს უკვე არის ღიად განაცხადი იმისკენ, რომ ისინი, სამწუხაროდ, მეორედ აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარებაში. ამ პროცესმა სრული ლუსტრაცია მოახდინა, ვინ არიან ის პოლიტიკური ჯგუფები, ვისაც შეუძლია მომავლის პოლიტიკაში მონაწილეობა და საკუთარ დაპირებებზე პასუხისმგებლობის აღება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, საკუთარ თავსა და პარტიაზე უნდა იყოს გაბრაზებული, რათა ვერაფრით მოახერხეს, დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ.
„თუ ვინმე რამეზე უნდა იყოს გაბრაზებული, მათ შორის, გოცირიძეც, პირველ რიგში, საკუთარ თავსა და პარტიაზე უნდა იყოს გაბრაზებული, რომ მათ ვერაფრით მოახერხეს, დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ბოლო დროს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი საპარლამენტო ლიდერების მხრიდან ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ესმის.
გოცირიძის თქმით, ოპოზიციური პარტიების კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება, საქართველოს მილიონამდე მოქალაქის, მათი ამომრჩევლების შეურაცხყოფაა.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ შეგნებულად უწყობს ხელს ვითარების დაძაბვას და არ გამორიცხავს, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოსაც მიმართონ.