არჩილ თალაკვაძე - გივი თარგამაძე რომ ზურაბ ალავიძეს რაიმეში ადანაშაულებს, ღიმილის მომგვრელია
ძალიან რთულია, სერიოზული კომენტარი გააკეთო იმ ადამიანის ბრალდებაზე, რომელიც თავად არაერთხელ იყო მხილებული და ჩართული პროცესებში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ და რაც მთავარია, ამომრჩეველმა ნეგატიურად შეაფასა წინა ხელისუფლების დროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრ გივი თარგამაძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, გივი თარგამაძის ბრალდებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძის მიმართ ღიმილის მომგვრელია და სუბიექტური ინტერესებით პოლიტიკურ სპეკულაციას წარმოადგენს.
„გივი თარგამაძე რომ ბატონ ზურაბ ალავიძეს რაიმეში ადანაშაულებს, თავად ეს ფაქტი ღიმილის მომგვრელია. მედიით ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ეს ბრალდებები არის მართული პროცესი და შესაძლოა, უკავშირდებოდეს „ბლექ სი გრუპის“, ამ ბიზნესსუბიექტის მხრიდან გარკვეულ ინტერესებს, რომელიც ბატონი ალავიძის უწყებასთან მიმართებით არსებობს. რა თქმა უნდა, ამას ჟურნალისტები უნდა ჩაუღრმავდნენ და აუცილებელია, რომ ვამხილოთ ყველა ის ადამიანი, ვინც სუბიექტური ინტერესებით პოლიტიკურ სპეკულაციებს ეწევა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ზურაბ ალავიძის უწყებამ გასულ წელს ასეულობით პროექტი განახორციელა, რის შედეგადაც, 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„მე შემიძლია, ჩემი მხრივ გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურაში და სივრცითი განვითარების მიმართულებით წარმატებით მიმდინარეობს ის გეგმა, რომელიც ოთხპუნქტიან სამთავრობო გეგმაშია მოცემული და ალავიძის უწყებამ 2017 წელს ასეულობით პროექტი განახორციელა, რომელსაც 30 000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მოჰყვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა. გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ კორუფციული გარიგებები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის ხელშია. მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობასა და საფარის დაგებას ეხება.