არჩილ თალაკვაძე - გიორგი ვაშაძის მოწოდება პარლამენტის დაბლოკვის შესახებ არის კონსტიტუციასთან და კანონთან შეუსაბამობაში, დანარჩენზე დასკვნები თქვენ გამოიტანეთ
მოთხოვნა, რომელიც ვაშაძემ დააყენა, პარლამენტის დაბლოკვის მოწოდება, აპრიორი გახლავთ კონსტიტუციასთან და კანონთან შეუსაბამობაში, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კონსტიტუციური ორგანოს ბლოკირება არის უკანონო და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს უფლება და ვალდებულია, უზრუნველყოს, აღადგინოს ამ კონსტიტუციური ორგანოს მუშაობა.
„როდესაც მელია მოუწოდებდა პარლამენტზე ძალადობრივი შეტევისკენ, მაშინაც იყვნენ კონკრეტული ადამიანები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არაფერი კანონი არ დარღვეულა და ეს ყველაფერი იყო გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. მინდა, თქვენი ეთერით ვუპასუხო გიორგი ვაშაძის მოთხოვნებს. პირველი მოთხოვნა, რაც მან დააყენა, სხვათა შორის, იყო ნიშანდობლივი და პირდაპირ წარმოაჩენს, თუ რა ინტერესები აქვს ამ რადიკალურ ჯგუფს და რისთვის სჭირდებათ საზოგადოებრივი პროტესტის აგორება. მან პირველ მოთხოვნად დააყენა, რომ პარლამენტს შემოვარტყათ ალყა და დავბლოკოთ პარლამენტიო, არ მივცეთ პარლამენტს მუშაობის საშუალებაო. მინდა, მას შევახსენო და საზოგადოებას ვუთხრა, რომ არსებობს უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოზე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კონსტიტუციური ორგანოს ბლოკირება გახლავთ უკანონო და ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს უფლება და ვალდებულია, რომ უზრუნველყოს, აღადგინოს ამ კონსტიტუციური ორგანოს მუშაობა. შესაბამისად, მინდა, გიორგი ვაშაძეს ვუთხრა, რომ მოთხოვნა, რომელიც მან ხალხის სახელით დააყენა, და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ასეთ რადიკალურ და უკანონო ქმედებებს არ ეთანხმება, არ უჭერს მხარს, ამაზე ნამსჯელი აქვს სტრასბურგის სასამართლოს. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა, რომელიც ვაშაძემ დააყენა, პარლამენტის დაბლოკვის მოწოდება, აპრიორი გახლავთ კონსტიტუციასთან და კანონთან შეუსაბამობაში. დანარჩენზე დასკვნები თქვენ გამოიტანეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის გულწრფელ რეაქციებს იყენებს პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის.
„რაც შეეხება მოქალაქეებს, მათ, ვინც არიან აქციაზე და მათი ოჯახის წევრებს, ვინც შეიძლება ნერვიულობენ სახლში, რომ მათი შვილები, მეუღლეები, ოჯახის წევრები არიან აქციაზე, მინდა, მათ ვუთხრა, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს სახელმწიფო, იქნება განჭვრეტადი. კანონის მოთხოვნები წინასწარ იქნება მოქალაქეებისთვის ცნობილი, თუ რას აკეთებს პოლიცია, თუ სად გადის ზღვარი, რა მოთხოვნებს აწესებს კანონი. ამიტომ, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ მოიქცა, მაშინ ომბუდსმენის ოფისში ვმუშაობდი, გასასვლელები რომ ჩაუკეტა ხალხს რუსთაველიდან და სასტიკად დაარბია, მგონი, დარწმუნდით, რომ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ამას გააკეთებს. აღარ არის ხელისუფლებაში, მაგრამ ხედავთ, რომ არჩევნების გვერდის ავლით, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, დემოკრატიის აბსოლუტური უგულებელყოფით ცდილობს, როგორმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში. თქვენ რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ არ არის ხელისუფლებაში, ფაქტია, რომ ეს ხალხი პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციას ახდენენ საქართველოში. ეს არის ფაქტი. ამიტომ იმის თქმა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ხელისუფლება, აგერ „ნაციონალური მოძრაობა“ დგას აქციებზე და ხალხის გულწრფელ რეაქციებს იყენებს პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.