არჩილ თალაკვაძე - გილოცავთ ყველას, საქართველომ დემოკრატიის გაძლიერებისკენ დღეს კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა
გილოცავთ ყველას, საქართველომ დღეს გადადგა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
მან ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„გაიმარჯვა ჩვენმა საზოგადოებამ, „ქართული ოცნება“ არის საზოგადოებრივი ძალა და ჩვენ არ დავკარგავთ ამ უპირატესობას. ყველას მადლობას გიხდით -ახალგაზრდებს, მშობლებს, ხანდაზმულებს, დღეს მთელი საზოგადოება გაერთიანდა თავისი მომავლის შესაქმნელად. ჩვენ გავიმარჯვეთ და საქართველომაც გაიმარჯვა. წარმატებები ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა, ოთხივეს შედეგების თანახმად, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა.